ახალი ამბები

კრიტიკული კითხვის პასუხად ღარიბაშვილმა უცხოელი ჟურნალისტი საქართველოში მოიწვია

8 ივლისი, 2022 • 2160
კრიტიკული კითხვის პასუხად ღარიბაშვილმა უცხოელი ჟურნალისტი საქართველოში მოიწვია

ავსტრიაში ვიზიტით მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო დემოკრატიის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია.

ამის შესახებ მან უცხოელი ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. ღარიბაშვილს ჟურნალისტმა შეახსენა, რომ ევროკავშირმა საქართველოს მთავრობა ოპოზიციური პარტიების მიმართ მოპყრობის გამო გააკრიტიკა და უთხრა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა არ ხდება.

„მზად ხართ თუ არა თქვენ კომპრომისზე წასასვლელად ოპოზიციურ პარტიებთან? საქართველოში დემონსტრაციები მიმდინარეობს, ამ დემონსტრაციაზე ითხოვენ, მათ შორის, თქვენი მთავრობის გადადგომას და ტექნიკური მთავრობის დანიშვნას“, – ჰკითხა ჟურნალისტმა ღარიბაშვილს.

პასუხად ღარიბაშვილმა ჟურნალსტს უთხრა, რომ ის, ალბათ, საქართველოში არ ყოფილა და არ იცის, ქვეყანაში რეალურად რა ხდება.

„მე მინდა კითხვის ავტორს ვუთხრა, რომ ჩვენ ვიწვევთ მას საქართველოში[…] ჩვენ სიტუაცია დრამატულად შევცვალეთ ბოლო 10 წლის განმავლობაში. რეალურად ჩავაბარეთ ავტორიტარული, დიქტატორული რეჟიმი და დღეს საქართველო გახდა დემოკრატიის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ შეიძლება ამაყად, თამამად ითქვას, რომ ჩვენ ვართ მართლაც გამორჩეული ქვეყანა არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, არამედ ასოცირებული ტრიოს ფარგლებში და  ძალიან ბევრი ევროპული ქვეყნის მიმართაც გვაქვს მართლაც შთამბეჭდავი პროგრესი.

თქვენ ახსენეთ ადამიანის უფლებები და, ბატონო კითხვის ავტორო, მე მინდა შეგახსენოთ ყველას,  რომ ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც 2012 წელს რეალური თავისუფლება და ღირსება დაუბრუნა ჩვენს მოქალაქეებს. მივიღეთ პირველი ადამიანის უფლებათა სტრატეგია, რომელზეც თომას ჰამემბერგმა იმუშავა. ამ დოკუმენტის მიხედვით, ჩვენ რადიკალურად გავაუმჯობესეთ სიტუაცია საქართველოში. ჩვენთან გარანტირებულია ადამიანის უფლებები, მედიის თავისუფლება – 10 დღეში შეიძლება გაიხსნას ნებისმიერი ტელევიზია. არავითარი ბარიერი არ იქმნება მთავრობის მხრიდან. ჩვენთან არის ძალიან ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, ძალიან ძლიერი ოპოზიციური პარტიებიც, ოპოზიციური ტელეარხებიც და სიტუაციაც არის რადიკალურად გაუმჯობესებული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, იმ „შთამბეჭდავ პროგრესზე“, რაც საქართველომ ადამიანის უფლებების მიმართულებით განიცადა, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი საქმეების რაოდენობის შემცირებაც მეტყველებს.

„რაც შეეხება დემონსტრაციებს, დემონსტრაციების გამართვა ნებისმიერი დემოკრატიისთვის არის დამახასიათებელი. ყველა ქვეყანაში იმართება დემონსტრაციები, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს დემონსტრაციები, ისევე როგორც სხვები, უშედეგოდ დასრულდა. მთავრობა არის სტაბილური, მყარი, ძლიერი და ჩვენ ვაგრძელებთ ქვეყნის წინსვლას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი