იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი შინზო აბე 8 ივლისს, მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ გარდაიცვალა: ინფორმაცია იაპონიის საზოგადოებრივ მაუწყებელს(NHK) აბეს “ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის” ოფიციალურმა პირმა მიაწოდა.
67 წლის შინზო აბეს იაპონიის ქალაქ ნარაში, წინასაარჩევნო შეხვედრის მიმდინარეობისას, სიტყვით გამოსვლის დროს ესროლეს. სამაშველო სამსახურის ცნობით, ჭრილობები კისრის მარჯვენა მხარეს და მარცხენა ლავიწზე მიიღო.
ყოფილი პრემიერი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თავდამსხმელი კი პოლიციამ ადგილზე დააკავა.
იაპონიის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ მომხდარი დაგმო და თქვა, რომ ექიმები ყველაფერს აკეთებდნენ აბეს გადასარჩენად. მანვე თქვა, რომ ნათელი არ იყო თავდამსხმელის მოტივაცია.
მეორე მხრივ, იაპონური მედია იტყობინება, რომ თავდამსხმელი საზღვაო თავდაცვის ძალების წევრი იყო დაახლოებით სამი წლის განმავლობაში, 2005 წლამდე.
როგორც ბრიტანული The Guardian იაპონიის ეროვნულ მაუწყებელზე დაყრდნობით წერს, თავდამსხმელმა პოლიციას უთხრა, რომ გაბრაზებული იყო აბეზე და მისი მოკვლა ჰქონდა განზრახული.
შინზო აბე იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2006-2007 და 2012-2020 წლებში იკავებდა. თანამდებობა მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.
BBC-ის მიხედვით, იარაღით თავდასხმის შემთხვევები იაპონიაში იშვიათია: ქვეყანაში იარაღის ტარება აკრძალულია, პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები კი თითქმის არ ხდება.








