იაპონიის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ აეროპორტში ფრენები გადადეს და გააუქმეს იმის გამო, რომ მაკრატელი დაიკარგა.
მაკრატელი შიდა რეისებისთვის განკუთვნილი მოსაცდელი სივრცის ერთ-ერთ მაღაზიაში გამოიყენებოდა. მაკრატლის გაუჩინარების შემდე ნიუ ჩიტოზის აეროპორტს (CTS) უსაფრთხოების სამსახური საათზე მეტხანს ჩხრეკდა.
აეროპორტის ცნობით, ჩხრეკის გამო 36 რეისი გაუქმდა, 201 კი გადაიდო.
არსებობდა ეჭვი, რომ პოტენციურ ტერორისტს შეეძლო მაკრატელი აეღო და ფრენის დროს იარაღად გამოეყენებინა. საბოლოოდ, აეროპორტის თქმით, ფრენები განახლდა.
აეროპორტის განცხადების თანახმად, ინციდენტი იმის გამო მოხდა, რომ მაღაზიაში მომხმარებლების მიერ ნივთების გამოყენებისა და შენახვის კონტროლის მექანიზმი არ არსებობს.
„ჩვენ ვიცით, რომ ინციდენტი მოხდა მაღაზიაში მომხმარებლების მიერ ნივთების გამოყენებისა და შენახვის კონტროლის სისტემების არარსებობის გამო. ჩვენ გამოვიძიებთ ამ ინციდენტს, განვსაზღვრავთ მის მიზეზს და ვეცდებით, ის აღარ განმეორდეს. ჩვენ ვადასტურებთ, რომ ეს ინციდენტი შეიძლება დაკავშირებული იყოს თვითმფრინავის გატაცებასთან და ტერორისტულ თავდასხმასთან. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ აეროპორტის პერსონალმა სრულად გააცნობიეროს მენეჯმენტის მნიშვნელობა”, – ნათქვამია New Chitose Airport-ის ოპერატორების განცხადებაში.
აღნიშნული ფაქტით დაზარალდა იაპონური როკ-ჯგუფი 9mm Parabellum Bullet, რომელიც ჰოკაიდოში ყოველწლიურ Rising Sun მუსიკალურ ფესტივალზე ფრენის გაუქმების გამო ვერ გამოვიდა.
ბევრმა მგზავრმა გამოხატა უკმაყოფილება სოციალურ ქსელებში.
„მეტირება, რადგან ჩემი ფრენა მხოლოდ იმის გამო გაუქმდა, რომ ვიღაცამ მაკრატელი დაკარგა“, – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი X-ზე.
„ინციდენტის გამო გაუქმდა რეისი და ახლა ჩემი შეხვედრა ჩემს ოჯახთან, რომელსაც მოუთმენლად ველოდი, უფრო მოკლევადიანი იქნება. ეს დიდი იმედგაცრუებაა“, – წერს კიდევ ერთი მგზავრი.
მიუხედავად ამისა, ზოგიერთმა მგზავრმა დააფასა აეროპორტი, რომელიც აღნიშნულ შემთხვევას სერიოზულად მიუდგა და ტერორიზმის საფრთხედ აღიქვა.
„როგორც მგზავრი, მადლობელი ვარ, რომ ასეთი საფუძვლიანი უსაფრთხოების ზომები მიიღეს“, – წერს X-ის ერთ-ერთი მომხმარებელი.