ახალი ამბები

ხოშტარია ლილუაშვილის, გომელაურის და კობიძის სანქცირებას ითხოვს

7 ივლისი, 2022 • 719
ხოშტარია ლილუაშვილის, გომელაურის და კობიძის სანქცირებას ითხოვს

„დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას თქმით, ის საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდებს ინფორმაციას ძალოვნების შესახებ, რომელთაც, მისი აზრით, სანქციები უნდა დაუწესდეს.

ელენე ხოშტარიას გაცხადებული აქვს, რომ იმუშავებს საერთაშორისო პარტნიორებთან ბიძინა ივანიშვილის და ოლიგარქიული სისტემის ძირითადი საყრდენის სანქცირებაზე. ხოშტარიას თქმით, სანქციები უნდა დაუწესდეს ბიზნესმენებს: დავით ხიდაშელს, ირაკლი რუხაძეს, უჩა მამაცაშვილს, ოთარ ფარცხალაძესა და ვანო ჩხარტიშვილს, 9 მოსამართლეს, მოქმედ გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს და ოთხ მოქმედ პროკურორს: ამირან გულუაშვილს, ჯარჯი წიკლაურს, მიხეილ სადრაძესა და რევაზ ბაღაშვილს.

„დღეს მინდა აქცენტი გავაკეთო ძალოვან სტრუქტურებზე, რაც არის ის საყრდენი, რომლის მეშვეობითაც ოლიგარქი და ოლიგარქიული მმართველობა იტაცებს სახელმწიფოს, დევნის ადამიანებს, ასევე, ჩართულია რუსეთთან ძალიან საშიში კავშირების შექმნაში ან დაფარვაში. ჩვენ მივაწვდით ჩვენს პარტნიორებს ინფორმაციას შემდეგი პირების შესახებ:

  • გრიგოლ ლილუაშვილი — ის ბიძინა ივანიშვილის პირად საქმეებში ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო და უსაფრთხოების სამსახური, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, დღეს არის არა ქვეყნის, არამედ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის უსაფრთხოების სამსახური. გარდა შანტაჟისა, პოლიტიკური დევნისა და ა.შ. ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომ ის სანქცირებული ტვირთით შემოსული გემის საქმეში ფიგურირებდა, რაც, რა თქმა უნდა, შესწავლას და დამატებით დაზუსტებას აუცილებლად საჭიროებს. აღარაფერს ვიტყვი იმ ბინძური პირადი ცხოვრების შანტაჟით სისტემაზე, მიყურადებაზე, მათ შორის, დიპლომატების მიყურადებაზე, რომელშიც სუსი ფიგურირებს;
  • კობა კობიძე — ის არის ე.წ. ოტოს ხელმძღვანელი. ის არის ჩართული უშუალოდ მიყურადებაში, შანტაჟში და ა.შ.
  • ვახტანგ გომელაური — არის ასევე ბიძინა ივანიშვილის პირადი გარემოცვა, მისი პირადი მცველი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელად დაინიშნა. ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანას ემსახურებოდეს, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება.

სანქციები როდის იქნება, როგორი იქნება, რას გადაწყვეტენ ჩვენი პარტნიორები, ეს მათი საქმეა და ამაზე სპეკულირებას არ ვაპირებთ. ამასთანავე, უნდა გვესმოდეს, რომ დეოლიგარქიზაციის ერთ-ერთი მძლავრი იარაღი არის სწორედ ის, რომ ქვეყანას სანქციები ავარიდოთ. ამასთან, ქვეყანას ავარიდოთ ის, რომ იმ რიგში არ იყოს, რომელიც უკრაინაში სისხლიან მანქანაში მონაწილეობს და პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილთან ერთად, სწორედ იმ კონკრეტულმა ოლიგარქიული მმართველობის წევრებმა აიღონ, ვინც ქვეყანა ამ მდგომარეობაში ჩააგდო“, — განაცხადა ხოშტარიამ.

პარტია „დროას“ დაანონსებული აქვს სხვა ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად ბრიუსელსა და ვაშინგტონში ვიზიტები, რათა მმართველ გუნდთან დაკავშირებული პირების სანქციებზე იმუშაოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი