ახალი ამბები

„დროა“ ივანიშვილის სანქცირებაზე სამუშაოდ ვაშინგტონსა და ბრიუსელში ვიზიტებს აანონსებს

12 ივნისი, 2022 • 962
„დროა“ ივანიშვილის სანქცირებაზე სამუშაოდ ვაშინგტონსა და ბრიუსელში ვიზიტებს აანონსებს

პარტია „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას თქმით, ის აპირებს მუშაობას ბიზნესმენების — ბიძინა ივანიშვილის, დავით ხიდაშელის, ირაკლი რუხაძის, უჩა მამაცაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და ვანო ჩხარტიშვილის —სანქცირებაზე.

„11 ივნისს, ირაკლი ღარიბაშვილისგან, რეალურად კი ბიძინა ივანიშვილისგან, ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ღია მოღალატეობრივი განცხადება ევროინტეგრაციის პროცესზე. ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი — ეს არ არის გადამეტებული სიტყვები. პროცესი, რომელიც ნელ-ნელა მიდიოდა ევროკავშირის პერსპექტივის წინააღმდეგ, მივიდა იმ წერტილამდე, როდესაც ღარიბაშვილი ღიად გვეუბნება, რომ კანდიდატობა არაფერს ნიშნავს და პრაქტიკულად ხელს კრავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას. ეს მოულოდნელი არ არის და ჩვენ არც წუწუნს ვაპირებთ, ჩვენ ვაპირებთ მოქმედებას. ჯერი დღეს რეალურად ჩვენზეა, ყველა იმ პროდასავლურ მოქალაქეზე, ოპოზიციონერზე, აქტივისტზე, სამოქალაქო სექტორზე რომლისთვისაც ეს არის გადამწყვეტი მომენტი“, — განაცხადა ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიამ დაასახელა სამოქმედო გეგმა და ის საკითხები, რაზეც, მისი თქმით, არის სამუშაო საერთაშორისო პარტნიორებთან:

  • „სანქცირების პროცესის ბოლომდე მიყვანა — ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხი, რომელიც უკვე ოფიციალურად დადგა დღის წესრიგში ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, არ არის ერთადერთი საკითხი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან. სანქცირებულები უნდა იყვნენ ის ე.წ. ბიზნესმენები, რეალურად ოლიგარქები, რომლებიც არიან ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების საყრდენები. ესენი არიან: დავით ხიდაშელი, ირაკლი რუხაძე, უჩა მამაცაშვილი, ოთარ ფარცხალაძე, ვანო ჩხარტიშვილი.
  • შემდეგი საყრდენი არის სასამართლო სისტემა და აქ მთავარი პრინციპი არის კლანის დარღვევა და პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტების განადგურება. აქაც ჩვენ გვექნება კონკრეტული სია კონკრეტული ფაქტებით და მივაწვდით ჩვენს პარტნიორებს.
  • პროკურატურა არის ინსტრუმენტი ივანიშვილის ხელში, ფარცხალაძის და შოთაძის შესრულებით. აქაც ჩვენ გვექნება პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტების სანქცირების კონკრეტული სია.
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური — ჩვენ გუშინ ვნახეთ ტელეკომპანია პირველის შემაშფოთებელი სიუჟეტი, როგორ დააორგანიზა სახელმწიფომ, ღარიბაშვილმა და სუსმა კონკრეტულად ლგბტ+ თემის და მედიის ცემა. ჩვენ ვიცით ეს როგორ დამთავრდა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით. აქ არის კონკრეტული ფაქტები თუ როგორი დანაშაულებრივი სპეცოპერაცია ჩაუტარა სუს-მა საკუთარ საზოგადოებას. ამიტომ სუსი, როგორც ბიძინა ივანიშვილის ძალადობის პოლიტიკური ინსტრუმენტი, ასევე უნდა იყოს სანქცირებული. ამ სიასაც მივაწვდით და
    გავაცნობთ როგორც საზოგადოებას, ისე ჩვენს პარტნიორებს.
  • პოლიტიკური პოლიცია — დიდ პატივს ვცემ კეთილსინდისიერ პოლიციელებს. ისინი უნდა გათავისუფლდნენ იმ პოლიტიკური მარწუხებისგან, რომელიც შექმნილია ამ ოლიგარქიული მმართველობის პირობებში.

შემდეგი ამოცანა ჩვენს პარტნიორებთან მუშაობის არის მათთვის ჩვენი ხალხის ნების უფრო მტკიცედ და ხმამაღლა გაცნობა. „დროას“ და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც მიემგზავრებიან დასავლეთში ბრიუსელსა და ვაშინგტონში, სწორედ ამ საკითხების გასამყარებლად — სანქციების და ჩვენი ხალხის ნების საჩვენებლად, რომ ერთი ოლიგარქი არ უნდა გვიშლიდეს ხელს, გავხდეთ ევროპის ნაწილი“, — განაცხადა ხოშტარიამ

მისი თქმით, კიდევ ერთი ამოცანა არის შიდა მშვიდობიანი და მტკიცე პროტესტი, ამიტომ 20 ივნისს სამოქალაქო საზოგადოებამ დააანონსა ძალიან მნიშვნელოვანი აქცია.

„დროა“, როგორც მოქალაქეები და არა როგორც პარტია, სიმბოლიკის გარეშე უერთდებით სამოქალაქო ინიციატივას და ყველა მხარდამჭერს იგივესკენ მოუწოდებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი