ახალი ამბები

ხოშტარია პროკურორების პერსონალურ სანქცირებას ითხოვს

23 ივნისი, 2022 • 843
ხოშტარია პროკურორების პერსონალურ სანქცირებას ითხოვს

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია პროკურორების პერსონალურ სანქცირებას ითხოვს. ამის შესახებ მან დღეს, 23 ივნისს, გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

საუბარია ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეზე, მოქმედ გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეზე და ასევე ოთხ მოქმედ პროკურორზე – ამირან გულუაშვილზე, ჯარჯი წიკლაურზე, მიხეილ სადრაძესა და რევაზ ბაღაშვილზე.

„ვაგრძელებთ დეოლიგარქიზაციისათვის მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც უკავშირდება მმართველობის საყრდენების სანქცირების შესახებ ინფორმაციის მოგროვებას. დღეს ჩვენი ვალია, არ დაზარალდეს ქვეყანა და მივაწოდოთ ჩვენ პარტნიორებს ინფორმაცია, თუ რაზე დგას ოლიგარქიული მმართველობა. ჩვენ უკვე მოგაწოდეთ ინფორმაცია პატარა ოლიგარქების და მოსამართლეების შესახებ, დღეს კი კიდევ ერთი საყრდენის, პროკურატურის შესახებ ვისაუბრებ. მართლმსაჯულების და პროკურატურის თავში დგას ოთარ ფარცხალაძე, რომელზეც მე უკვე ვისაუბრე.

ეს განპირობებული იყო იმით, რომ ოთარ ფარცხალაძე ჩართულია მაღალი დონის კორუფციულ საქმეებში და არის მიახლოებული ბიძინა ივანიშვილის კართან, როგორც პროკურატურის მაკონტროლებელი. თქვენ გახსოვთ, რომ ის წარმოუდგენლად გამდიდრდა ამ ხელისუფლების პირობებში, არის Philip Morris-ის და დღგ-ს დიდი სკანდალის მონაწილე“, – განაცხადა ხოშტარიამ.

ხოშტარიას თქმით, ოთარ ფარცხალაძე პროკურატურას მართავს ირაკლი შოთაძის მეშვეობით, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვისაც იმდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომ თანამდებობაზე დააბრუნეს.

„ორი რამ არის მნიშვნელოვანი, პირველი – ირაკლი შოთაძე თავად არ უარყოფს, რომ ის ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში ხაზარაძის და ჯაფარიძის შეხვედრას, პირდაპირ იყო ჩართული გარჩევებში ამ კონკრეტულ საქმეზე. მეორე – ის პირდაპირ კურირებს ყველა პოლიტიკურ საქმეს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

რაც შეეხება პროკურორ ჯარჯი წიკლაურს, ხოშტარიას თქმით, ის გამორჩეული პირია, რომელსაც ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს ეხებოდა ციხეში მყოფი ხალხის უფლებების მონიტორინგი. მისი თქმით, დანაშაულების მთავარი ღერძს, რაც იყო ციხეში, მონიტორინგს უწევდა წიკლაური. ეს კი იმას ნიშანვს, რომ არათუ არ ასრულებდა თავის მოვალეობას, არამედ მონაწილე იყო ამ დანაშაულებრივი პროცესის.

„თუმცა, როგორც „ქართული ოცნების“ პირობებში ხდება, ჯარჯი პოლიტიკურად გადმოიბარეს და მას ჩააბარეს პოლიტიკური, ციანიდის, კარტოგრაფების, კაბელების, მიხეილ სააკაშვილის საქმეები“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ხოშტარიას მიერ დასახელებულ სიაში მოხვდა მიხეილ სადრაძე, ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორი, რომელსაც პოლიტიკოსი აფასებს რუსულ სპეცოპერაციად. მისი თქმით, სადრაძე აქტიურად გამოდიოდა პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებში და იყო პროკურორი ნიკა მელიას საქმეში.

რაც შეეხება ამირან გულუაშვილს, ხოშტარიას თქმით, ის ზედამხედველობს პოლიტიკურ საქმეებს. მისი თქმით, ის არის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა და მონაწილეობს ისეთ საქმეებში, როგორიცაა რუსთავი 2-ის, ნიკა მელიას, კარტოგრაფების, ნიკა გვარამიას საქმეები.

„პროკურატურაში გამოყოფილი არიან ადამიანები, რომლებიც უშუალოდ კურირებენ და ასრულებენ ბინძურ საქმეებს.

ასევე, ჩრდილში მყოფი რევაზ ბაღაშვილი, რომელიც საგამოძიებო ჯგუფის ნაწილია და მის ხელში გადის პოლიტიკური საქმეები.

მე კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ საქართველოს ჰყავს ღირსეული ბიზნესმენები, მოსამართლეები, პოლიტიკოსები და პროკურორები, მაგრამ ამ სისტემის მმართველობაში არის ოლიგარქია, რომლის დანგრევაც ჩვენი ამოცანაა. ღირსეული ადამიანები უნდა ასრულებდნენ საქმეს, ემსახურებოდნენ ქვეყანას და არა ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიას განცხადებას უპასუხა პროკურატურამ და მას ცილისმწამებლური უწოდა. უწყების განმარტებით, ამ განცხადებით ხოშტარია  ცდილობს პროკურატურის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

„უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს პროკურატურაზე ცილისმწამებლური თავდასხმა და ე.წ. „შესაშინებელი სიების“ ყალბი ტირაჟირება არ არის ახალი და, როგორც წესი, ჩვენი თანამშრომლების მიმართ ცრუ ინფორმაციის გავრცელება პერიოდულ და კამპანიურ ხასიათს ატარებს, ძირითადად ისეთი სისხლის სამართლის საქმეების მსვლელობის პარალელურად, როდესაც კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებთან კავშირში მყოფი პირების დანაშაულებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს.

ნათელია, რომ დღეს პროკურორების მიმართ დაწყებული მორიგი ცრუ პიარ კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და წარმოადგენს უწყების დისკრედიტაციის უსუსურ მცდელობას“, – აცხადებს პროკურატურა.

პროკურატურა ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული კამპანიის ავტორები ცდილობენ, უწყების და კონკრეტული პროკურორების საქმიანობაზე ზეგავლენის მოხდენას.

„ამასთან დაკავშირებითაც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მსგავსი სიყალბეებით და დეზინფორმაციებით ვერავინ მიაღწევს მიზანს; საქართველოს პროკურატურა გააგრძელებს კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად, საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას და თითოეული პროკურორის საქმიანობა, დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა სრულად იქნება დაცული საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების ფარგლებში“, – აცხადებს პროკურატურა.

რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძის შესაძლო კავშირს საქართველოს პროკურატურასთან, უწყება აცხადებს, რომ იგი 2013 წლის შემდგომ არ მუშაობს პროკურატურაში და  არანაირი შემხებლობა არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს საქართველოს პროკურატურასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი