ახალი ამბები

9 მოსამართლე, რომლებსაც „დროას“ აზრით, სანქციები უნდა დაუწესდეს

14 ივნისი, 2022 • 973
9 მოსამართლე, რომლებსაც „დროას“ აზრით, სანქციები უნდა დაუწესდეს

პარტია „დროას“ დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ დაასახელა, კიდევ ვინ უნდა მოხვდნენ, მისი აზრით, სანქცირებულთა სიაში,ბიძინა ივანიშვილისა და ბიზნესმენების გარდა:

„წინა ბრიფინგზე წარმოგიდგინეთ 5 პატარა ოლიგარქი ( დავით ხიდაშელი, ირაკლი რუხაძე, ოთარ ფარცხალაძე, ვანო ჩხარტიშვილი, უჩა მამაცაშვილი), რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ნაკვლევ და მომზადებულ მასალებს ვაწვდით ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს. ისინი ამ ყველაფერს გადაამოწმებენ და მიიღებენ
გადაწყვეტილებას. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ოლიგარქიული მმართველობის კიდევ ერთი საყრდენის, სასამართლო სისტემაში მყოფი ადამიანების სია, რომლებიც უნდა მოხვდნენ სანქცირებულთა რიგებში“, — განაცხადა ელენე ხოშტარიამ და ჩამოთვალა:

  • მიხეილ ჩინჩალაძე — ჯერ კიდევ წინა მთავრობის პროკურორი, რომელიც მერე პოლიტიკური მსახურებისთვის იყო დაწინაურებული მოსამართლედ და 2012-13 -ის შემდეგ გახდა ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ჩრდილოვანი საყრდენი ე.წ. სასამართლო კლანის შექმნაში. ის შედარებით ჩრდილშია, ვიდრე მურუსიძე, მაგრამ „კლანის“  რეალური თავია.
  • ლევან მურუსიძე — გამოირჩევა მძიმე საქმეებით, მათ შორის, წინა ხელისუფლებაში. ის უკავშირდება გირგვლიანის საქმეს. 2013 წელს კი მას ღიად შეხვდა ბიძინა ივანიშვილი და დაასახელა სასამართლოს ღერძად, რის შემდეგაც ის არ ერიდება არც პოლიტიკურ კამპანიებში ჩართვას და არც საკუთარი მიკერძოებულობის ჩვენებას. მურუსიძეს ღიად ეძახიან კლანური, მაფიოზური სასამართლოს მმართველობის ლიდერს.
  • შალვა თადუმაძე — ივანიშვილის პირადი ადვოკატი, რომელიც ჯერ პროკურატურაში გაანაწესეს იმისთვის, რომ საქმეები შეეკერა. შემდეგ კი უვადოდ დანიშნეს უზენაეს სასამართლოში, პოლიტიკური მართლმსაჯულების სისტემის ბოლომდე ჩასაკეტად.
  • გიორგი მიქაუტაძე — უვადო მოსამართლე უზენაეს სასამართლოში. ის იუსტიციის საბჭოში იყო მდივანი მაშინ, როდესაც კლანის საბოლოო გამყარება ხდებოდა. ღიად ასრულებდა ყველა პოლიტიკურ დავალებას.
  • ლაშა ჩხიკვაძე — ნიკა გვარამიას მოსამართლე, რომელიც პრაქტიკულად სანქცირებულიც არის უკვე აშშ-ისგან.
  • ბესიკ და ვალერიან ბუგიანიშვილები — ძმები, რომელთა ხელშიც გადიოდა თავიდანვე ძალიან ბევრი პოლიტიკური საქმე: კაბელების, ციანიდის, რურუას საქმეები.
  • ირაკლი შენგელია — შედარებით ჩრდილში მყოფი, მაგრამ ჩინჩალაძის ერთ-ერთი საყრდენი, მისი მოადგილე, რომელსაც ცოლი, და, დისშვილი და დის ქმარი ჰყავს დასაქმებული მართლმსაჯულების სისტემაში. ალბათ, მოგისმენიათ არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციისგან, რომ ეს ე.წ. კლანური მმართველობა ხშირად ეყრდნობა, მათ შორის, ნათესაურ კავშირებს.
  • სერგო მეთოფიშვილი — ეს არის საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე საქალაქო სასამართლოში, ანუ მის ხელში გადის სისხლის სამართლის პოლიტიკური საქმეები.

ჩვენ შევარჩიეთ ეს მოსამართლეები ძალიან ღრმა კვლევებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიხედვით, რომლებიც ჩატარებულია ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ“, — განაცხადა ხოშტარიამ და დასძინა, რომ პარტია „დროა“ საერთაშორისო პარტნიორებს მიაწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას როგორც „პატარა ოლიგარქებზე“, ისე ამ მოსამართლეებზე.

პარტია „დროას“ დაანონსებული აქვს სხვა ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად ბრიუსელსა და ვაშინგტონში ვიზიტები, რათა მმართველ გუნდთან დაკავშირებული პირების სანქციებზე იმუშაოს.

„დროა“ ივანიშვილის სანქცირებაზე სამუშაოდ ვაშინგტონსა და ბრიუსელში ვიზიტებს აანონსებს

მასალების გადაბეჭდვის წესი