ახალი ამბები

გეგეშიძის ბაღში „ბურგერ ბარის“ შენობის დემონტაჟი იგეგმება

6 ივლისი, 2022 • 1168
გეგეშიძის ბაღში „ბურგერ ბარის“ შენობის დემონტაჟი იგეგმება

გეგეშიძის ბაღში (კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სკვერში), ბაღის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, არსებული ნაგებობის დემონტაჟი იგეგმება.

ნაგებობაში, რომელიც დაახლოებით 100 კვადრატული მეტრის ფართობისაა, რამდენიმე წელია, „ბურგერ ბარი“ ფუნქციონირებს. კომპანიას ეს შენობა იჯარით აქვს აღებული.

„გიდასტურებთ, რომ [რეაბილიტაციის შემდეგ] არსებული კაფე-ბარის ნაგებობა აღარ იქნება ბაღში. სკვერს დაუბრუნდება თავისი ტერიტორია“, – მისწერეს „ნეტგაზეთს“ თბილისის მერიიდან.

თბილისის მერმა კახა კალაძემ 6 ივლისს განაცხადა, რომ მერია კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სკვერის (გეგეშიძის ბაღის) სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.

მერის განცხადებით, სკვერი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, – „ფილები დანგრეული და განადგურებულია, არის მწვანე სივრცეების ნაკლებობა“:

„თვითონ ბაღი პატარა ტერიტორიაზეა, მაგრამ ვეცდებით, მაქსიმალურად გაიზარდოს მწვანე სივრცეები, ახალი ხე-მცენარეები განთავსდეს, სარწყავი სისტემა მოწესრიგდეს, თავისი განათებებით. საპარკო ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურებულია. ყველაფერი იქნება განახლებული და მოწესრიგებული“, – განაცხადა კალაძემ 6 ივლისს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი