ახალი ამბები

რუსეთმა საქართველოში ომისთვის უნდა მოაცდინოს ათეულობით ათასი სამხედრო – კობახიძე

6 ივლისი, 2022 • 1121
რუსეთმა საქართველოში ომისთვის უნდა მოაცდინოს ათეულობით ათასი სამხედრო – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ თუკი რუსეთი საქართველოში მეორე ფრონტს გახსნის, ის ათეულ ათას ჯარისკაცს მოაცდენს.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან დღეს, 6 ივლისს ისაუბრა. კობახიძემ კვლავ გაიმეორა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებდა, თუ აქ ომი დაიწყებოდა. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, მაშინ რატომ მისცეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვას, სადაც ომი არაა.

კობახიძის თქმით, მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველოში მეორე ფრონტი რუსეთს ვითარებას გაურთულებდა.

„საქართველოს ჰყავს ჯარი. საქართველოში რომ დაიწყოს ომი, რა თქმა უნდა, ეს რუსეთისთვის მძიმე იქნება, რადგან რამდენიმე ათეული ათასი სამხედრო თავისი ტექნიკით, აღჭურვილობით და ყველაფრით უნდა მოაცდინოს საქართველოში. შეგნებულად არ ვაკონკრეტებ, მაგრამ რამდენიმე ათეულ ათასი იქნება. ესეც ზუსტად ვიცი.

რა თქმა უნდა, მეორე ფრონტი რუსეთს გაურთულებდა ვითარებას უკრაინის ფრონტზე, მოლდოვისგან განსხვავებით. იქ არაფერი გართულდებოდა. საქართველოსთვის ეს ომი, მიუხედავად ამ გართულებისა, იქნებოდა გამანადგურებელი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ომი ავირიდოთ თავიდან“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს ბრძოლისუნარიანობასთან დაკავშირებით მსგავსი რიტორიკა ახალი არ არის.  მაგალითად, დავით ზალკალიანმა საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში თქვა, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს „რამდენიმე წუთი დასჭირდებათ, საქართველო დააყენონ თავდაყირა“.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სხვადასხვა დროს განაცხადა, რომ „არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი“ და „ჩვენ ვერ შევძლებთ რუსეთთან ომის მოგებას“.

რაც შეეხება მოლდოვასთან შედარებას, მოლდოვას მცირერიცხოვანი არმია ჰყავს, 6 000 ჯარისკაცის შემადგენლობით (12 000 რეზერვში). 2022 წლის სამხედრო სიძლიერის რეიტინგში მოლდოვა 142 ქვეყანას შორის 94-ე ადგილზეა და მხოლოდ 6 ადგილით ჩამორჩება 88-ე ადგილზე მყოფ საქართველოს. საქართველოს ბრძოლისუნარიანობასთან დაკავშირებით დავით ზალკალიანმა საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში თქვა, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს „რამდენიმე წუთი დასჭირდებათ, საქართველო დააყენონ თავდაყირა“.

გირჩევთ ამ თემაზე წაიკითხოთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი