ახალი ამბები

TikTok-ს ვირუსული გამოწვევის შესრულებისას გარდაცვლილი ბავშვების მშობლები უჩივიან

6 ივლისი, 2022 • 2646
TikTok-ს ვირუსული გამოწვევის შესრულებისას გარდაცვლილი ბავშვების მშობლები უჩივიან

სოციალურ ქსელ TikTok-ს მშობლები მათი შვილების გარდაცვალებაში ადანაშაულებენ და კომპანიას სასამართლოში უჩივიან. საქმე ეხება ერთ-ერთ ვირუსულ ტრენდს, რომლის შესრულებისასაც გასულ წელს რამდენიმე მოზარდი დაიღუპა, მათ შორის, 8 წლის ლალანი ვოლტონი და 9 წლის არიანი აროიო.  მშობლები აცხადებენ, რომ მათი შვილების გარდაცვალების მიზეზი TikTok-ის სახიფათო ალგორითმი გახდა.

ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მშობლებმა სასამართლოში სარჩელი გუშინ, 5 ივლისს შეიტანეს. სასამართლოზე მათ წარმოადგენს ორგანიზაცია “სოციალური მედიის დაზარალებულთა სამართლის ცენტრი”. ორგანიზაცია აცხადებს, რომ პლატფორმის “საშიში ალგორითმი” ბავშვების სოცქსელების გვერდებზე “განზრახ და არაერთხელ” ათავსებს ისეთი გამოწვევების ვიდეოებს, რომლებიც მათ სიცოცხლისთვის საშიში კონტენტის გადაღებაში ჩართვისკენ უბიძგებს.

“TikTok-ს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ამ ორი პატარა გოგოსთვის მომაკვდინებელი კონტენტის მიწოდების გამო. TikTok-მა მილიარდობით დოლარის ინვესტიცია ჩადო იმ პროდუქტების განზრახ შექმნისთვის, რომელიც ხელს უწყობს მომაკვდინებელი კონტენტის გავრცელებას. მათ იციან, რომ ეს საშიშია და შესაძლოა მომხმარებლების სიკვდილიც გამოიწვიოს”, – აცხადებს “სოციალური მედიის დაზარალებულთა სამართლის ცენტრის” დამფუძნებელი იურისტი.

აღნიშნული ტრენდის ერთ-ერთი მსხვერპლი, ლალანი ვოლტონი აშშ-ში, ტეხასში ცხოვრობდა. ის 2021 წლის 15 ივლისს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზად პოლიციამ “TikTok-ის „გათიშვის ტრენდის“ [blackout challenge] მცდელობა დაასახელა.

საჩივრის თანახმად, მოზარდს სმარტფონი 2021 წლის აპრილში, საკუთარ დაბადების დღეზე აჩუქეს და “მალე გახდა დამოკიდებული TikTok-ის ვიდეოებზე”. მოზარდი ხშირად პოსტავდა საკუთარი სიმღერისა და ცეკვის ვიდეოებს იმ იმედით, რომ ამ სოციალურ ქსელში ცნობილი გახდებოდა.

2021 წლის ივლისში მშობლებმა მოზარდის ყელზე სისხლჩაქცევები აღმოაჩინეს, ლალანმა კი ამის მიზეზად შემთხვევითობა დაასახელა. სარჩელის დოკუმენტის თანახმად, მშობლებმა არ იცოდნენ, რომ 8 წლის ბავშვი “გათიშვის გამოწვევაში” ჩაერთო, რომელიც მისი სოციალური ქსელის გვერდზე რამდენიმე კვირით ადრე გაჩნდა.

“მას სჯეროდა, რომ თუ “გათიშვის გამოწვევის” ვიდეოს გამოაქვეყნებდა, ცნობილი გახდებოდა და ამიტომაც სცადა. ლალანი 8 წლის იყო და ვერ აანალიზებდა იმ საფრთხეს, რისკენაც TikTok უბიძგებდა”, – ნათქვამია სარჩელში.

მეორე მსხვერპლი, 9 წლის არიანი აროიო აშშ-ში, ვისკონსინში ცხოვრობდა. ის TikTok-ის აქტიური მომხმარებელი იყო და ლალანის მსგავსად საკუთარი ცეკვის ვიდეოებს ათავსებდა სოციალურ ქსელში.

2021 წლის იანვარში მშობლებმა არიანთან “გათიშვის გამოწვევის” შესახებ ისაუბრეს და განუმარტეს შვილს, რომ TikTok-ის მომხმარებლები ამ გამოწვევას უკვე ემსხვერპლნენ. არიანიმ კი მშობლები დაარწმუნა, რომ მსგავს სახიფათო ვიდეოს არასდროს გადაიღებდა.

9 წლის მოზარდი 5 წლის ძმამ 2021 წლის 26 თებერვალს გარდაცვლილი იპოვა.

“TikTok-მა უდავოდ იცოდა, რომ მომაკვდინებელი “გათიშვის გამოწვევა” ვრცელდებოდა მათი აპლიკაციის საშუალებით და მათი ალგორითმი სპეციალურად აწვდიდა მსგავს ვიდეოებს ბავშვებს, მათ შორის მათ, ვინც გარდაიცვალა”, – წერია სარჩელში.

The Guardian-ის ცნობით, TikTok-ის წინააღმდეგ არაერთი სარჩელია შეტანილი, მათ შორის, ალგორითმის შესახებ. სარჩელში განმარტებულია, რომ TikTok-ის ალგორითმი მავნე კონტენტის გავრცელებას უწყობს ხელს და ვერ აწვდის ინფორმაციას მომხმარებლებს ან მათ კანონიერ მეურვეებს აპლიკაციაზე დამოკიდებულების მაღალი რისკის შესახებ.

გამოცემის ინფორმაციით, მათ TikTok-საც მიმართეს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისთვის, თუმცა პასუხი დაუყოვნებლივ არ მიუღიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი