ახალი ამბები

TikTok-ს აშშ-ში აკრძალვა ემუქრება, თუ მას ჩინური კომპანია არ გაყიდის

16 მარტი, 2023 • 650
TikTok-ს აშშ-ში აკრძალვა ემუქრება, თუ მას ჩინური კომპანია არ გაყიდის

სოციალური ქსელი TikTok უნდა გაიყიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში შესაძლო აკრძალვა დაემუქრება — ასეთია აშშ-ის მთავრობის პოზიცია, ამერიკული და ბრიტანული მედიის მიხედვით.

TikTok-ს ამჟამად ჩინური კომპანია ByteDance ფლობს. მილიონობით მომხმარებლის მონაცემების ფლობის ფონზე, ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ ხსენებული კომპანია ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება.

საკუთრების ცვლილების მოთხოვნა TikTok-მა დაუდასტურა როგორც ამერიკულ Wall Street Journal (WSJ)-ს, ისე — ბრიტანულ BBC-ს.

წლების განმავლობაში ამერიკის ხელისუფლებაში გამოთქვამდნენ შეშფოთებას, რომ TikTok-ის მომხმარებელთა შესახებ ინფორმაცია, შესაძლოა, ჩინეთის მთავრობის ხელში მოხვედრილიყო. ამ ფონზე, ვაშინგტონში სურთ, სოციალური ქსელი გასხვისდეს, რათა ჩინური მხარისგან დისტანცირდეს.

WSJ-ის ცნობით, აშშ-ის უცხოური ინვესტიციების კომიტეტმა (CFIUS), რომელიც ეროვნული უსაფრთხოების რისკებს ზედამხედველობს, ერთხმად გაუწია რეკომენდაცია ByteDance-ის დისტანცირებას TikTok-ისგან.

TikTok-ის სპიკერმა არ უარყო ამერიკული გაზეთის ცნობა, თუმცა თქვა, რომ WSJ-ის მიერ მომზადებული მასალა გადაჭარბებულია და ჯერაც გაუგებარია, რას ნიშნავს ზემოხსენებული “გასხვისება” პრაქტიკაში.

“თუ მიზანი ეროვნული უსაფრთხოების დაცვაა, დეინვესტიცია არ წყვეტს პრობლემას: საკუთრების ცვლილება არ დააწესებს ახალ შეზღუდვებს მონაცემთა ნაკადებზე ან წვდომაზე”, — ამბობს TikTok-ის სპიკერი და ამატებს, რომ ეროვნული უსაფრთხოების შესახებ შიშების განეიტრალების საუკეთესო გზა თავად აშშ-ის მიერ მომხმარებელთა მონაცემთა დაცვაა.

TikTok, Instagram-ისა და Twitter-ის მსგავსად, მომხმარებელთა მონაცემების დიდ რაოდენობას აგროვებს. მას შეუძლია, შეაგროვოს მომხმარებელთა შესახებ ბიომეტრიული ინფორმაცია და მათი ადგილსამყოფლის შესახებ მონაცემებთანაც ჰქონდეს წვდომა.

ერთ-ერთი ინიციატივა, რომლითაც TikTok დაძაბულობის შემსუბუქებას ცდილობს, არის ინიციატივა, სახელად “Project Texas”. ინიციატივის ფარგლებში, TikTok-ის თანახმად, ამერიკელ მომხმარებელთა შესახებ ინფორმაცია აშშ-ის შიგნით მოიყრის თავს.

პოპულარული სოციალური ქსელის გასხვისების რეკომენდაციის შესახებ ცნობამდე მცირე ხნით ადრე, სენატში გამოჩნდა კანონპროექტი, რომელიც აფართოებს აშშ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილებას, აკრძალოს TikTok ქვეყნის მასშტაბით.

მასალების გადაბეჭდვის წესი