ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევი აშშ-ს სთხოვს, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების დალაგებაში დაეხმაროს

5 ივლისი, 2022 • 2472
ალიევი აშშ-ს სთხოვს, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების დალაგებაში დაეხმაროს

აშშ-ს დამოუკიდებლობის დღისადმი პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენისთვის მიწერილ მისალოც წერილში ილჰამ ალიევმა ისაუბრა ქვეყნების ორმხრივ მჭიდრო პარტნიორულ და სტრატეგიულ ურთიერთობებზე; ასევე, იმის შესახებ, რომ აშშ-ს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაში.

ამავე დროს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შემრიგებლის მთავარი როლის შესრულება სურს რუსეთს. თუკი ადრე ორივე ქვეყნისთვის რუსეთი სტაბილურობის ერთადერთ გარანტად ჩანდა რეგიონში, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, მხარეებისთვის იკლო მოსკოვის შესაძლებლობამ, უზრუნველეყო რეგიონის უსაფრთხოება.

გარდა ამისა, გაიზარდა სომხეთის ხელისუფლების მანევრიც – ის უფრო თამამი გახდა და მხოლოდ მოსკოვის გადაწყვეტილებებს აღარ ელოდება. შედეგად, დიპლომატიურმა პროცესმა ბრიუსელშიც გადაინაცვლა.

“ვფიქრობთ, აშშ-ს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზებაში, კომუნიკაციებისა და ადამიანებს შორის კონტაქტების დამყარებაში იმ დროს, როდესაც სამხრეთ კავკასიაში ყალიბდება  მდგრადი მშვიდობისა და ეკონომიკური პროგრესის კეთილსაიმედო პირობები. აშშ-ს შეუძლია, ღირებული წვლილი შეიტანოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მომზადებაში, რომელსაც საფუძვლად უდევს ჩვენ მიერ წარმოდგენილი ხუთი პრინციპი”, – ნათქვამია ალიევის წერილში ბაიდენისადმი.

ამავე თემაზე გირჩევთ:

სამშვიდობო შეთანხმება ბაქოს პირობებით? – ხედვა სომხეთიდან

მთიან ყარაბაღში ომის ცხელი ფაზის დამთავრების შემდეგ მხარეებს შორის სიტუაცია ისევ არასტაბილური რჩება. აზერბაიჯანი  სომხეთს მის მიერ წარმოდგენილი  ხუთი პრინციპის საფუძველზე სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას სთხოვს. მათ შორის ერთი პუნქტი, ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის შესახებაა, რაც სომხურ საზოგადოებაში და ოპოზიციურ პოლიტიკურ წრეებში აღიქვეს ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის ჩაბარებად, რასაც თავის მხრივ, ერევანში ფაშინიანისა და მისი ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ილჰამ ალიევი, ჯოზეფ ბაიდენი; ფოტო: report.az

ილჰამ ალიევი, ჯოზეფ ბაიდენი; ფოტო: report.az

მასალების გადაბეჭდვის წესი