ახალი ამბები

მან მოიხადა ბოდიში, არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას – კობახიძე სამხარაძის გინებაზე

4 ივლისი, 2022 • 985
მან მოიხადა ბოდიში, არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას – კობახიძე სამხარაძის გინებაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თანაგუნდელ დიმიტრი სამხარაძის გინებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს და მისი შეფასების ნაცვლად ისრები ამ შემთხვევაშიც „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ოპოზიციურ მედიაზე გადააქვს.

დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი  და რეგიონული მდივანია,  გუშინ, 3 ივლისს,  „ქართული ოცნების“ ოფისიდან აქციის „შინ ევროპისკენ“ მონაწილეებს და მიხეილ სააკაშვილს რამდენჯერმე აგინა.

კობახიძის თქმით, სამხარაძემ ბოდიში მოიხადა და ამით ყველაფერია ნათქვამი.  თუმცა, სამხარაძის თქმით, ეს არის ნაცმოძრაობის და მისი მედიასაშუალებების პიარული ხაზი.

„დიტო სამხარაძემ თვითონ გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით, მან საზოგადოების წინაშე მოიხადა ბოდიში და ამით არის ყველაფერი ნათქვამი. ჩვენი დამოკიდებულება ზოგადად გამოხატვის ფორმების მიმართ არის ცნობილი და ჩვენ ყოველთვის ამაზე ვაპელირებდით. თუმცა მე თქვენ მინდა შეგახსენოთ ერთი რამ, რომ რაც შეეხება უხამსი სიტყვების გამოყენებას, მათ შორის ტელეეთერებში ბილწსიტყვაობას, ეს არის „ნაცმოძრაობის“ და მისი მედიასაშუალებების პიარული ხაზი.

ჩვენ ამ ხაზს ყოველთვის ვაპროტესტებდით, განსაკუთრებით, 2018 წლის შემდეგ, თუმცა ამ პროტესტს რეაგირება არ მოჰყოლია. ზოგადად, ნებისმიერი უხამსობა, ბილწსიტყვაობა, მით უმეტეს, ამის ჩვეულებრივ მოვლენად ქცევა, ეს არის ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული მოვლენა და ამას აკეთებთ თქვენ[ოპოზიციური მედია] და თქვენი პარტია“, – განაცხადა კობახიძემ.


გუშინ, 3 ივლისს, მას შემდეგ, რაც აქციის „შინ ევროპისკენ“ მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლეს, დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ მომიტინგეებს რამდენჯერმე აგინა უშუალოდ ოფისიდანვე – ერთხელ აივნიდან, ხოლო მეორედ – ოფისის შესასვლელიდან, სადაც ამ მომენტისთვის ასობით პოლიციელი უკვე მობილიზებული იყო.

გინების ამსახველი ერთ-ერთი ვიდეო სამხარაძემ ფეისბუკზე თავადვე გამოაქვეყნა, თუმცა მალევე წაშალა. მასში ისმის, რომ სამხარაძე აგინებს როგორც აქციის მონაწილეებს, ასევე, მიხეილ სააკაშვილს.

დღეს, 4 ივლისს კი, სამხარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ  მისი გინების ადრესატს გაცილებით მეტი ეკუთვნის.

„თუმცა მართლა უკაცრავად საზოგადოებასთან, რომელსაც ჩემი გინების მოსმენა მოუწია“, – დაწერა სამხარაძემ.

დეპუტატმა დიტო სამხარაძემ მომიტინგეებს „ოცნების“ ოფისიდან რამდენჯერმე აგინა

მასალების გადაბეჭდვის წესი