ახალი ამბები

უცნობია, გაგრძელდება თუ არა “ჩემი ცოლის დაქალები”

4 ივლისი, 2022 • 2730
უცნობია, გაგრძელდება თუ არა “ჩემი ცოლის დაქალები”

“ჩემი ცოლის დაქალების” მორიგი სეზონის დასრულების შემდეგ, არაერთგზის ისმის კითხვა, გაგრძელდება თუ არა სერიალი. 11-წლიანი ისტორიის მქონე პროექტმა არსებობის გასაგრძელებლად შესაბამისი ფინანსური რესურსები უნდა მოძებნოს. შეძლებს თუ არა ამას, ჯერაც ბუნდოვანია.

“ასე პირდაპირი პასუხი, “კი” ან “არა”, არ არსებობს”, — თქვა “ჩემი ცოლის დაქალების” პროდიუსერმა ირაკლი საღინაძემ მას შემდეგ, რაც ვკითხეთ, რეალურია თუ არა ცნობები იმის შესახებ, რომ სერიალი ეთერში აღარ გავა.

მისი სიტყვებით, “შემდეგი სეზონის თანხა,ჯერჯერობით ფიზიკურად არ არსებობს” და მოსაძიებელია ფინანსები სხვადასხვა წყაროდან, რაზეც სერიალის გუნდი მუშაობს.

“ჩანს კიდეც ადამიანების დამოკიდებულებაში, რომ ეს სერიალი ჯერ კიდევ ინარჩუნებს რეიტინგს და მაყურებელს აქვს სურვილი, რომ განაგრძოს მისი ყურება. ჩვენზე უფრო ადრე ვერავინ იგრძნობს, როდის არის რეალურად დასრულების დრო და აუცილებლად დავასრულებთ, როცა საჭირო იქნება.

ჯერჯერობით სრული პასუხი არ მაქვს ამ თემაზე, რადგან მიდის მუშაობა… ამ ეტაპზე შეწყვეტილია სერიალის გადაღება — ნუ, გასაგებია, სეზონიც დასრულდა — იმის გამო, რომ არ არის თანხა”, — დასძენს საღინაძე, რომელიც, ამავდროულად, ტვ “ფორმულას” დამფუძნებელია. სწორედ “ფორმულაზე” გადის ხსენებული სერიალი.

მისივე სიტყვებით, მსგავსი პრობლემა სერიალს აქამდეც არაერთხელ შეჰქმნია, მათ შორის მაშინ, როცა “რუსთავი 2”-ის ეთერში გადიოდა. “ჩემი ცოლის დაქალების” პროდიუსერის თქმით, ფინანსების მოძიება დამოკიდებულია მრავალ ობიექტურ ფაქტორზე, რომელზეც გადაცემის გუნდი გავლენას ვერ ახდენს.

“მე ყოველთვის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ადრეც გადაგვიწყვეტია მსგავსი პრობლემები. შესაბამისად, რატომ არა ახლა?” — აღნიშნავს ის.

ცნობილია, რომ “ფორმულას” ერთ-ერთი გადაცემა “ბაიასთან” ეთერში აღარ დაბრუნდება. “ნეტგაზეთი” დაინტერესდა, როგორია ზოგადი ფინანსური მდგომარეობა ტელეკომპანია “ფორმულაში” და ექმნება თუ არა პრობლემები სხვა პროექტებსაც.

საღინაძის სიტყვებით, ტელეარხს თავისი სტაბილური ფინანსური ბიუჯეტი აქვს, თუმცა “არის პრობლემები სხვადასხვა მიმართულებით”, მათ შორის, სარეკლამო ბაზარზე:

“[სარეკლამო ბაზარი] მკვდარია. რეკლამებს თუ გადახედავთ ეთერში, ქართული პროდუქტის რეკლამას ვერ ნახავთ…

ადრე გემბლინგი იყო, ბეთები, სათამაშო ბიზნესის რეკლამა, რომელიც გაქრა და დარჩა დიდი კორპორაციების რეკლამა — “კოკა-კოლა” და ა.შ. — დიდი ქსელური კომპანიებისა, რომელთაც საქართველოში შემოაქვთ პროდუქტი.

დანარჩენი, მაქსიმუმ ბანკის [რეკლამებია]. ეკონომიკაში არაფერი ხდება. არასტაბილური გარემოს გამო ბიზნესი არ ხარჯავს ფულს კამპანიებში”.

ირაკლი საღინაძის თქმით, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა აზარტული თამაშების რეკლამა აკრძალა, ტელევიზიებმა, მათ შორის, “ფორმულამ”, “შემოსავლის სადღაც 25-30% დაკარგეს”.

ტელეარხის პროექტებზე საუბრისას საღინაძე დასძენს, რომ როცა ტელევიზია კომერციულ პროცესზეა მიბმული, საფრთხე, რომ რაღაც პროექტმა ვერ იშოვოს სპონსორი და დაფინანსება, ყოველთვის არსებობს.

“აქედან გამომდინარე, გარკვეული რისკები ყველა გადაცემას აქვს. თუ მოვახერხეთ კარგად მუშაობა ამ გაყიდვების მიმართულებით და შევძელით ჩვენი სარეკლამო პოტენციალის სწორად და კარგად გამოყენება, რასაც, პრინციპში, “ფორმულა” ახერხებს, მგონია, რომ რაღაც დიდი მსხვერპლი არ იქნება ეთერში”.

“არხის მთავარი საყრდენი არის საინფორმაციო სამსახური და ნებისმიერ მაუწყებელში ასეა. დანარჩენი ყველაფერი ექვემდებარება კორექციას, გამომდინარე ეკონომიკური ვითარებიდან, და ჩვენც ამაზე ვართ მიბმული.

ეს ხერხემალი ჯანსაღია არხზე და ყველაფერი დანარჩენი ასე, გარემოებებიდან გამომდინარე [გადაწყდება]. რთული სეზონია. პოლიტიკური ვითარებაც უამრავ კითხვის ნიშანს შეიცავს, უამრავი ფაქტორია. ბიზნესები ვერ ვითარდებიან, ეკონომიკური კრიზისია ქვეყანაში.

ვნახოთ, რა იქნება სექტემბრიდან. ჩვენ ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად ბევრი პროექტი შევინარჩუნოთ. აქედან გამომდინარე, შევხედოთ, ნახავს მაყურებელი”, — გვეუბნება ირაკლი საღინაძე.

ხელისუფლებისადმი კრიტიკული ტელეკომპანია “ფორმულა” 2019 წელს, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-დან წასული ჟურნალისტების ნაწილმა დააფუძნა. “ჩემი ცოლის დაქალები”, რომელიც წლების მანძილზე “რუსთავი 2”-ზე გადიოდა, სწორედ “ფორმულაზე” გადავიდა.

“ფორმულას” წილების 51%-ს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ფლობს. ტელეარხის წილებს ასევე ფლობენ “ჩემი ცოლის დაქალებზე” მომუშავე “ფორმულა კრეატივის” წარმომადგენლები, მათ შორის, ირაკლი საღინაძე, მიშა მშვილდაძე და გიორგი ლიფონავა.

ასევე გირჩევთ:

რამ გამოიწვია ფინანსური პრობლემები “მთავარ არხში” და რა ბედი ელის გადაცემებს

მასალების გადაბეჭდვის წესი