ახალი ამბები

ევროკავშირის ოფისთან ნატოსა და ევროკავშირის დროშები დაწვეს

2 ივლისი, 2022 • 1689
ევროკავშირის ოფისთან ნატოსა და ევროკავშირის დროშები დაწვეს

„ალტ-ინფოს“ დაფუძნებული ძალადობრივი, პრორუსული პარტიის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა თბილისში, ევროკავშირის ოფისთან, ევროკავშირისა და ნატოს დროშები დაწვეს. ცოტა ხნით ადრე მათ ასევე დაწვეს ლგბტ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი) მოძრაობის სიმბოლო, ცისარტყელას დროშა.

საქართველოს პარლამენტმა გასულ წელს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეიტანა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირისა და ნატოს „ოფიციალური სიმბოლოს ან შესაბამისი სახელმწიფო ეროვნული სიმბოლოს შებღალვისთვის“ დაწესდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

ჯერჯერობით უცნობია, დააჯარიმეს თუ არა ვინმე დღეს, 2 ივლისს, დროშების დაწვისთვის.

პრორუსულმა, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა დღეს თბილისში აქცია გამართეს და გააპროტესტეს „გეი პრაიდი“, რომელიც, რეალურად, არ ტარდება.

მოსალოდნელი ძალადობის გამო ლგბტ აქტივისტებმა მიმდინარე წელს გადაიფიქრეს საჯარო სივრცეში რაიმე სახის აქტივობის ჩატარება. ნაცვლად ამისა, სხვადასხვა დახურულ სივრცეში გაიმართა პრაიდის კვირეული, რომელიც დღეს სრულდება დასკვნითი ღონისძიებით.

ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა ამ ღონისძიების ჩაშლაც სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა გასული ღამის განმავლობაში 26 ადამიანი დააკავეს.

მთავარ ფოტოზე: კადრი მარიამ ნიკურაძის ვიდეოდან

მასალების გადაბეჭდვის წესი