ახალი ამბები

გაკვირვებული ვართ წაყენებული ცილისმწამებლური ბრალდებებით – საგარეო საფრანგეთში ყოფილ ელჩზე

1 ივლისი, 2022 • 533
გაკვირვებული ვართ წაყენებული ცილისმწამებლური ბრალდებებით – საგარეო საფრანგეთში ყოფილ ელჩზე

საგარეო საქმეთა სამინისტრო ცილისწამებას უწოდებს საფრანგეთში საქართველოს ელჩის, თეა კატუკიას გაკეთებულ განცხადებას ზეწოლასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ სამინისტრო მისი მუშაობით უკმაყოფილო იყო. ამის შესახებ განცხადება უწყებამ დღეს, 1 ივლისს გაავრცელა.

“გაკვირვებული ვართ ქ-ნი თეა კატუკიას მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ წაყენებული ცილისმწამებლური ბრალდებებით. ელჩმა თანამდებობა დატოვა მასთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, რა დროსაც ქ-ნ თეა კატუკიას განემარტა, რომ უწყება არ იყო კმაყოფილი მისი საქმიანობით საფრანგეთში ელჩად ყოფნის პერიოდში. სამწუხაროდ, მან ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება და ევროპის ამ უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში, საქართველოს ინტერესების სათანადოდ დაცვა. შესაბამისად, უწყებამ ქ-ნ თეასთან კონსულტაციის საფუძველზე მიზანშეწონილად ჩათვალა აღნიშნული პოზიციიდან მისი გამოწვევა”, – წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უწყების განცხადებით, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის არსებული დღის წესრიგის გათვალისწინებით, საქართველოსა და საფრანგეთის ურთიერთობები “უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავიდა”, რაც საელჩოში ხელმძღვანელ პოზიციაზე “მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე დიპლომატების მივლინებას” მოითხოვს.

თეა კატუკიამ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა. მიზეზად კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან “მუდმივ რეჟიმში განხორციელებულ” ზეწოლა დაასახელა.

თეა კატუკია საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და UNESCO-ში მუდმივ წარმომადგენლად 2019 წელს დაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი