ახალი ამბები

უგულავას ფოთში „შინ ევროპისკენ“ კამპანიისას აგინეს

1 ივლისი, 2022 • 749
უგულავას ფოთში „შინ ევროპისკენ“ კამპანიისას აგინეს

„შინ ევროპისკენ“ კამპანიას ამჯერად ფოთში დახვდნენ მოწინააღმდეგეები.

პირველ ივლისს ქალაქ ფოთში, ბაზარსა და მიმდებარე ტერიტორიაზე კამპანიის ფარგლებში მოქალაქეებს ხვდებოდნენ გიგი უგულავა, ლევან თარხნიშვილი და სხვები.

კამპანიის ფარგლებში მათ თან დაჰყვებოდათ არაერთი ადამიანი, რომლებიც ხელს უშლიდნენ ფლაერების დარიგებაში, ეკამათებოდნენ კამპანიის მონაწილეებს და შეურაცხყოფას აყენებდნენ, მათ შორის, უგულავას.

„ნაბო*ზარო შენ, შენს დედას შევ**ი, ნაცმო, თქვე ბო*ებო, უგულავა, შე ღორო, მოგი***ნ ოჯახი“, – ჩანს და ისმის, როგორ ყვირის ერთ-ერთი მოქალაქე უგულავას მიერ გავრცელებულ ვიდეოში.

უგულავას  „ბიუჯეტის ქურდი“ უწოდეს და გაიმეორეს კონსპირაციული თეორია, რაც წინა დღეებში გამოიყენეს კამპანიის მონაწილეებისა და ევროკავშირის მიმართ, თითქოს მათ სურთ ქვეყნის „ომში ჩათრევა“.

ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, კამპანიის ერთ-ერთ მონაწილეს ატამი ესროლეს.

ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე გიგი უგულავამ  ფეისბუქზე დაწერა, რომ ჰქონდა ინფორმაცია, რომ „ფოთის ოცნების ოფისში დიდი სამზადისია, – მიდის ბოლო ინსტრუქტაჟი, ვინ სად უნდა ჩასაფრდეს“.


დღეს, გუშინ და გუშინწინ მოძრაობის „შინ ევროპისკენ“ მიერ სხვადასხვა ადგილას – თბილისსა და რეგიონებში – დაგეგმილი საინფორმაციო კამპანიის ჩაშლა სცადეს.

სხვადასხვა ადგილას კამპანიის მონაწილეებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

სახალხო დამცველის თქმით, მედიის ცნობით, უფლებადამცველებს, სტუდენტებს და პოლიტიკოსებს, რომლებიც მოსახლეობას ხვდებიან ევროინტეგრაციისა და 3 ივლისს დაგეგმილი მშვიდობიანი შეკრების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით, საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიან ადგილზე მობილიზებული აგრესიული ჯგუფები.

3 ივლისს თბილისში დაანონსებული აქციის წინ, პარტიები და სამოქალაქო მოძრაობები მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ ევროკავშირში საქართველოს წევრობის მნიშვნელობასა და ამ მიზნით რეფორმების 12 პუნქტის შესრულების აუცილებლობაზე.

კამპანიის ფარგლებში ჩასულ აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს რამდენიმე ქალაქში სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და შეხვედრების ჩაშლა სცადეს.

6 ქალაქში ჩვენი შეხვედრების ჩაშლა საჯარო მოხელეებმა და „ოცნების“ მხარდამჭერებმა სცადეს – „შინ ევროპისკენ“

მასალების გადაბეჭდვის წესი