მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ აცხადებს, რომ დღეს, 30 ივნისს, მათი შეხვედრების ჩაშლა საჯარო მოხელეებმა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა 6 ქალაქში სცადეს.
კერძოდ, მოძრაობის „შინ ევროპისკენ“ წარმომადგენლებს და ოპოზიციის წევრებს, რომლებიც ევროკავშირთან დაკავშირებით რეგიონებში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ, აგრესიულად განწყობილი ადამიანები ხვდებიან და თავს ესხმიან.
როგორც მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ აცხადებს, დღეს, 30 ივნისს, მათ წარმომადგენლებს ხელი შეუშალეს თელავში, ხონში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში წინასწარ დაანონსებულ შეხვედრებში და მათი ჩაშლა სცადეს.
დღესვე თავს დაესხნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებისას.
როგორც მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ აცხადებს, აგრესიულად განწყობილ ადამიანებს შორის არიან მმართველი პარტიის მხარდამჭერები და საჯარო მოხელეები.
„რიგ შემთხვევებში ეს ადამიანები ორგანიზებულად და ჯგუფურად დაჰყვებიან ჩვენს წარმომადგენლებს შეხვედრებზე და მათ მსვლელობაში დესტრუქციულად ერევიან“, – აცხადებს მოძრაობა „შინ ევროპისკენ“.
მოძრაობა აცხადებს, აღნიშნული ქმედებები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
„კერძოდ, სახეზეა სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით გათვალისწინებული შეკრების უფლების ხელყოფა. მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, შეწყვიტოს მათთვისვე კონტრპროდუქტიული პროვოკაციები, რაც უკიდურესად აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას. მოძრაობა “შინ ევროპისკენ” მკაფიოდ აცხადებს, რომ ერთგულია მხოლოდ და მხოლოდ შეკრების მშვიდობიანი ფორმების და მოუწოდებს სამართალდამცავებს, უზრუნველყონ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და ადგილზევე აღკვეთონ პროვოკაციები.
მსგავსი წინააღმდეგობა, კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გვძენს და გვარწმუნებს იმაში, რომ სწორ საქმეს ვემსახურებით, რომელსაც თანმიმდევრულად და გეგმაზომიერად გავაგრძელებთ“, – აცხადებს მოძროაბა „შინ ევროპისკენ“.
თუმცა „ქართულ ოცნებაში“ უარყოფენ აღნიშნულ ბრალდებებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, „ქართულ ოცნებას“ მხარს მილიონი ადამიანი უჭერს და „ლოკალურ ინციდენტების“ დაბრალება მმართველი პარტიისთვის პოლარიზაციის ერთ-ერთი ნაწილია.
„ოპოზიცია ამ შემთხვევაშიც ხომ თანმიმდევრული უნდა იყოს, ერთი მხრივ, ამ პოლარიზაციის გამღვივებელი ის თავადაა. მთავრობის გადადგომა არათუ პოლარიზაციის გაღრმავება, არამედ ამ პოლარიზაციის პიკში აყვანაა, როდესაც ითხოვ მთავრობის გადადგომას და არადემოკრატიული ინსტრუმენტის, რაღაც ტექნიკური მთავრობის ტერმინებით საუბარს. ოპოზიციას თავად უნდა, რომ პოლარიზაციის პიკისკენ წაიყვანოს ვითარება, აცხადებს მთავრობის გადადგომის მოთხოვნას და ტექნიკური დემოკრატიული ლეგიტიმაციის არმქონე მთავრობის შექმნას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
3 ივლისს თბილისში დაანონსებული აქციის წინ, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ ევროკავშირში საქართველოს წევრობის მნიშვნელობასა და ამ მიზნით რეფორმების იმ 12 პუნქტის შესრულების აუცილებლობაზე, რაც ჩვენს ქვეყანას წევრობის სტატუსის მისაღებად ევროსტრუქტურებმა წლის ბოლომდე განუსაზღვრეს. ჩვენ არ გვჯერა, რომ მთავრობა ამ რეკომდენდაციებს შეასრულებს, ამიტომ ვითხოვთ, ეს მისია იკისროს „ეროვნული თანხმობის მთავრობამ – ევროკავშირისთვის“.