ახალი ამბები

“შეიცავს დანაშაულის ნიშნებს” – ომბუდსმენი “შინ ევროპისკენ” კამპანიაზე თავდასხმებზე

30 ივნისი, 2022 • 704
“შეიცავს დანაშაულის ნიშნებს” – ომბუდსმენი “შინ ევროპისკენ” კამპანიაზე თავდასხმებზე

საქართველოს სახალხო დამცველი  განცხადებას ავრცელებს მოძრაობის „შინ ევროპისკენ“ მიერ წარმოებულ კამპანიაში მონაწილეების მიმართ განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით.

ომბუდსმენის თქმით, დღეს და გუშინ აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია მოძრაობის („შინ ევროპისკენ“) მიერ სხვადასხვა ლოკაციაზე  წარმოებული საინფორმაციო კამპანიის ჩაშლის მცდელობებისა და მასში მონაწილე პირების მიმართ განხორციელებული ფიზიკური თუ სიტყვიერი თავდასხმების შესახებ.

კერძოდ, სახალხო დამცველის თქმით, მედიის ცნობით, უფლებადამცველებს, სტუდენტებს და პოლიტიკოსებს, რომლებიც მოსახლეობას ხვდებიან ევროინტეგრაციისა და 3 ივლისს დაგეგმილი მშვიდობიანი შეკრების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით, საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიან ადგილზე მობილიზებული აგრესიული ჯგუფები.

„ერთ-ერთ მსგავს ძალადობრივ ინციდენტს ადგილი ჰქონდა სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსშიც. საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წინასწარ გაცხადებული მშვიდობიანი აქციის ორგანიზება და ამ მიზნით საინფორმაციო ბარათების გავრცელება სრულად დაცულია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით, რომლის სრულფასოვანი რეალიზების უზრუნველყოფა წარმოადგენს ხელისუფლების ვალდებულებას.

გასათვალისწინებელია, რომ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და მათ საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, აღნიშნულის კი შესაძლოა მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობაზე და ემსახურებოდეს აგრესიისა და ძალადობის წაქეზებას“, – ამბობს სახალხო დამცველი.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, შესაბამისი რესურსის მობილიზებით ხელი შეუწყონ მოძრაობის „შინ ევროპისკენ“ მიერ წარმოებული საინფორმაციო კამპანიების მშვიდ და უსაფრთხო ვითარებაში წარმართვას და დროულად აღკვეთონ მის წინააღმდეგ გამოვლენილი სამართალდარღვევები, დანაშაულებრივი ქმედებები და მათი მცდელობები.

ხოლო დანაშაულის შემცველ ფაქტებზე, ომბუდსმენის განცხადებით, უნდა დაიწყოს გამოძიება. ამავდროულად, სახალხო დამცველის თქმით, მნიშვნელოვანია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ეფექტიანად უზრუნველყოს სტუდენტთა უსაფრთხოება დაწესებულების ტერიტორიაზე მესამე პირთა დაშვების კონტროლისა და ინციდენტებზე მყისიერი რეაგირების გზით.

მასალების გადაბეჭდვის წესი