ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზური მხარე კვლავ ითხოვს გაეროს ტრიბუნას

1 ივლისი, 2022 • 2052
აფხაზური მხარე კვლავ ითხოვს გაეროს ტრიბუნას

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, რომელმაც სოხუმში შეხვედრა გამართა საქართველოში გაეროს მუდმივ წარმომადგენელ საბინე მახლისთან და მის თანაშემწესთან, ენრიკ ენდერდმოსთან,  განაცხადა, რომ საკუთარი საქმიანობის დროს გაერომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნოს.

აფხაზური მხარის ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდა ასევე დე ფაქტო საგარეო მინისტრი ინალ არძინბა, რომელმაც თანამდებობის დაკავების შემდეგ კონტროლი დააწესა აფხაზეთში ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობაზე.

აფხაზური მხარის ცნობითვე, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აფხაზეთში საერთშორისო ორგანიზაციების  და გაეროს სააგენტოების პროგრამებისა და პროექტების რეალიზაცია.

ოფიციალური ცნობითვე, ასლან ბჟანიამ გაეროს წარმომადგენლებს მოუწოდა გამჭვირვლობისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტისკენ.

“ასევე მან ისაურა იმის შესახებ, რომ მნიშვნელოვანია, აფხაზეთის წარმომადგენლებს მიეცეს საშუალება, გაეროს ტრიბუნაზე გამოვიდნენ, რათა აფხაზეთში არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო საზოგადოებას ობიექტურად მიეწოდოს”.

ეს არ  არის პირველი შემთხვევა, როდესაც აფხაზური მხარე გაეროს ტრიბუნას ითხოვს. სოხუმი პერიოდულად აცხადებს, რომ საქართველოს ოფიციალური პირები სარგებლობენ საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობით და საერთაშორისო მოედნებს იყენებენ საკუთარი ინტერესების გასატარებლად.

დღესდღეობით აფხაზურ და ოსურ მხარეთა წარმომადგენლები მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) პროცესში მონაწილეობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი