„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ სახელმწიფო ქონების გაყიდვის, ანუ პრივატიზების პროცესი, რაც „ქართული ოცნების“ პირობებში მიმდინარეობდა 2013-2021 წლებში, მნიშვნელოვან კორუფციულ რისკებს შეიცავდა.
„უკიდურესად დაბალი კონკურენცია, არასაკმარისი გამჭვირვალობა, კეთილსინდისიერების მექანიზმების არარსებობა და არასათანადო რეაგირება სავარაუდო დარღვევებზე – ეს არის ის ძირითადი გამოწვევები, რაც პრივატიზაციის პროცესში კორუფციის რისკს წარმოშობს“, – აცხადებს ორგანიზაცია.
TI-ს ცნობითვე, საქართველოში მიწის რესურსის მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ სახელმწიფოს საკუთრებაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ პრივატიზების პროცესი, დიდი ალბათობით, კიდევ მრავალი წელი გაგრძელდება.
„არსებული გამოწვევების პირობებში, – და ასევე იმის გამო, რომ ქვეყანაში არ არსებობს მაღალი დონის კორუფციის შემაკავებელი მექანიზმები, – არსებობს მაღალი ალბათობა, რომ სახელმწიფო ქონების განკარგვა მოხდეს კონკრეტული ადამიანების პირადი ინტერესების სასარგებლოდ, ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების ხარჯზე“, – წერს TI.
„ნეტგაზეთი“ გთავაზობთ „გამჭვირვალობის“ კვლევის ძირითად მიგნებებს:
- „2013-2021 წლებში 656.9 მლნ ლარის საწყისი ღირებულების 5105 საჯარო აუქციონის შედეგად სახელმწიფო ქონება (მიწა და შენობა-ნაგებობა) მთლიანობაში 872.8 მლნ ლარად გაიყიდა.
- ყველაზე მეტი (859) აუქციონი 2021 წელს ჩატარდა, რის შედეგადაც სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან შემოსავალმა 304.9 მლნ ლარი შეადგინა.
- 2013-2020 წლებში სახელმწიფო ქონება (მიწა და შენობა-ნაგებობა) პრივატიზაციის გზით ათასზე მეტმა კომპანიამ მიიღო.
- ამ კომპანიების, მათი მეწილეებისა და დირექტორების ნაწილმა (212 კომპანიის 217-მა მეწილემ/მმართველმა) სხვადასხვა დროს მმართველ პარტიას 19,655,907 ლარი შესწირა.
- 2013-2021 წლებში ჩატარებული პრივატიზაციის ყოველი 3 აუქციონიდან 2 (68%) უკონკურენტოდ იქნა მოგებული, რაც კონკურენციის უკიდურესად დაბალი მაჩვენებელია. ამასთან, უკონკურენტო აუქციონების წილი წლების განმავლობაში ერთსა და იმავე მაღალ მაჩვენებელზე რჩება.
- ასევე დიდია არშემდგარი აუქციონების რაოდენობა: 2013-2021 წლებში სახელმწიფო უძრავი ქონების გაყიდვის მიზნით სულ 9,976 აუქციონი გამოცხადდა, რომელთა 46.7% (4,656) ჩაიშალა, რადგან მონაწილეობის სურვილი არავინ გამოთქვა.
- მიუხედავად იმისა, რომ კონკურენციით ჩატარებული აუქციონები რაოდენობით ერთ მესამედზე ნაკლები იყო (32%), მათი საშუალებით პრივატიზაციის საწყისი თანხა საშუალოდ გაორმაგდა (99.2%-იანი ზრდა) – 214.1 მლნ ლარიდან 426.4 მლნ ლარამდე, რაც პრივატიზაციის გზით შემოსული მთლიანი თანხის 50% იყო.
- პირდაპირი გზით პრივატიზაციის შესახებ მიღებული არასტრუქტურირებული და არასრული მონაცემების მიხედვით, 2013-2020 წლებში გაფორმდა პირდაპირი პრივატიზაციის 429 კონტრაქტი (რაოდენობაში არ შედის 2015 წლის მონაცემი, რადგან ინფორმაცია ხარვეზიანად იქნა მოწოდებული), საიდანაც 43%-ს სიმბოლური ფასი (1 ლარი) ჰქონდა. პირდაპირი პრივატიზაციიდან სახელმწიფომ მთლიანობაში 236 მლნ ლარზე მეტი მიიღო, რომლის დიდი ნაწილიც – 157 მლნ ლარი გაზსადენის გაყვანის მიზნით შპს “სოკარ ჯორჯია გაზისთვის” გადაცემულ უძრავ ქონებას უკავშირდებოდა.
- სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი არასაკმარისად გამჭვირვალეა. პროაქტიულად არ არის ხელმისაწვდომი პირდაპირი პრივატიზაციის შესახებ ინფორმაცია და მთავრობის განკარგულებები. აუქციონების გამარჯვებულთა ვინაობა მხოლოდ მოკლე დროით ქვეყნდება, ხოლო აუქციონის სხვა მონაწილეების ვინაობა კანონით კონფიდენციალურად ითვლება“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თანახმად, პრივატიზაციის მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა მრავალ საეჭვო შემთხვევას, რაც კორუფციულ გარიგებაზე შეიძლება მიანიშნებდეს. კერძოდ:
- „87 შემთხვევაში პრივატიზების აუქციონი ახლად დარეგისტრირებულმა კომპანიამ მოიგო.
- მათ შორის, 78% (68 ელექტრონული აუქციონი) უკონკურენტოდ (მხოლოდ ერთი ბიჯით) იქნა მოგებული. 23 ელექტრონულ აუქციონზე კომპანიები აუქციონის მიმდინარეობისას დარეგისტრირდნენ, მათ შორის, 3 შემთხვევაში აუქციონის გამოცხადების დღეს.
- შედეგად, ახლად რეგისტრირებულ კომპანიებზე, 751,660 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და 147 შენობა-ნაგებობა გაიყიდა.
- 29 შემთხვევაში პირდაპირი პრივატიზაციის კონტრაქტი ახლად დარეგისტრირებულმა კომპანიამ მიიღო. მათ შორის, 10 შემთხვევაში კომპანიებს 532,183 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 46 შენობა-ნაგებობა სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცათ. საერთო ჯამში, ახლად რეგისტრირებულ კომპანიებზე 860,078 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო, 4,619,056 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა და 85 შენობა-ნაგებობა გასხვისდა.
- არის შემთხვევები, როდესაც პრივატიზების აუქციონში პირდაპირ კონტრაქტს იღებს თანამდებობის პირი ან ოჯახის წევრი, ან ისეთი კომპანია, რომლის მეწილე ან დირექტორი არის თანამდებობის პირი ან მისი ოჯახის წევრი. 2013-2020 წლებში ასეთი 50 შემთხვევა დაფიქსირდა (სია იხილეთ კვლევის ძირითად ტექსტში) – საუბარია 328,860 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 45 შენობა-ნაგებობის გაყიდვაზე:
- 26 შემთხვევაში, ელექტრონული აუქციონი თანამდებობის პირმა/ოჯახის წევრმა მოიგო, მათ შორის, 16 აუქციონი უკონკურენტოდ (მხოლოდ ერთი ბიჯით);
- 16 შემთხვევაში, ელექტრონული აუქციონი თანამდებობის პირთან/ოჯახის წევრთან პირდაპირ დაკავშირებულმა კომპანიებმა მოიგეს, მათ შორის, აუქციონების 87.5% (14 აუქციონი) უკონკურენტოდ (მხოლოდ ერთი ბიჯით);
- 3 შემთხვევაში, პირდაპირი პრივატიზაციის კონტრაქტი თანამდებობის პირთან/ოჯახის წევრთან გაფორმდა. აქედან 2 შემთხვევაში, მათ ქონება სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცათ.
- 5 შემთხვევაში, პირდაპირი პრივატიზაციის კონტრაქტი თანამდებობის პირთან/ოჯახის წევრთან პირდაპირ დაკავშირებულ კომპანიებთან გაფორმდა. მათ შორის, 3 შემთხვევაში, კომპანიებს ქონება სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცათ.
- 42 აუქციონის/პირდაპირი პრივატიზაციის შემთხვევაში სახელმწიფო ქონება მიიღეს მმართველი პარტიის იმ შემომწირველებმა, რომლებმაც აუქციონის გამოცხადებამდე/მთავრობის განკარგულებამდე მცირე პერიოდით ადრე, ან აუქციონის მოგებიდან/ხელშეკრულების გაფორმებიდან მალევე შესწირეს თანხა.
- ორგანიზაციის თანახმად, ამ ყველაფრის შედეგად, 13,374,167 ლარად 454,627 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო, 225,666 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 45 შენობა-ნაგებობა გაიყიდა, მყიდველებმა კი სხვადასხვა დროს ქართული ოცნების სასარგებლოდ 2,097,000 ლარის შემოწირულება გაიღეს.
- სსიპ “სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს” არ გააჩნია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისას კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის პრევენციის რაიმე კონკრეტული მექანიზმი. ასევე, სააგენტომ უპასუხოდ დატოვა კითხვა, გამოვლენილა თუ არა 2012-2021 წლებში კორუფციული შინაარსის დარღვევა პრივატიზაციის სფეროში“.
„პრევენციის მექანიზმების არარსებობა“
TI ასევე აცხადებს, რომ კვლევის ფარგლებში შეეცადნენ გაერკვიათ, აქვს თუ არა ქონების ეროვნულ სააგენტოს კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის პრევენციის რაიმე სახის მექანიზმები, თუმცა:
„სააგენტოსგან ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ასეთი მექანიზმები დანერგილი არ არის. სააგენტომ ასევე უპასუხოდ დატოვა კითხვა, გამოვლენილა თუ არა 2012-2021 წლებში კორუფციული შინაარსის დარღვევა პრივატიზაციის სფეროში“, – აცხადებს ორგანიზაცია.
TI-ს თანახმად, კორუფციის პრევენციის მექანიმზების არარსებობის და დაბალი კონკურენციისა და გამჭვირვალობის პირობებში სახელმწიფო ქონების არაკეთილსინდისიერი განკარგვის ან მითვისების მომეტებული რისკი არსებობს.
ორგანიზაციის თანახმად, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც:
- თანამდებობის პირების ან მათი ოჯახის წევრების კომპანიები იგებენ პრივატიზაციის აუქციონებს
- თანამდებობის პირები ან მათი ოჯახის წევრები იგებენ პრივატიზაციის აუქციონებს
- თანამდებობის პირები ან მათი ოჯახის წევრები იღებენ პირდაპირი პრივატიზაციის კონტრაქტებს
- თანამდებობის პირების ან მათი ოჯახის წევრების კომპანიები იღებენ პირდაპირი პრივატიზაციის კონტრაქტებს
- მმართველი პარტიის შემომწირველები იგებენ პრივატიზაციის აუქციონებს
- მმართველი პარტიის შემომწირველები იღებენ პირდაპირი პრივატიზაციის კონტრაქტებს
- ახლად დარეგისტრირებული კომპანიები იგებენ პრივატიზაციის აუქციონებს
- ახლად დარეგისტრირებული კომპანიები იღებენ პირდაპირი პრივატიზაციის კონტრაქტებს
სრულ კვლევას, სადაც კონკრეტულად არის დასახელებული სავარაუდო კორუფციული რისკების შემცველი მაგალითები, შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე..
TI აცხადებს, რომ პრივატიზების პროცესში არსებული კორუფციული რისკების შესამცირებლად აუცილებელია:
- კონკურენციის გაზრდა
- გამჭვირვალობის გაზრდა
- კორუფციის შემაკავებელი მექანიზმების შექმნა
- რეაგირება შესაძლო კორუფციულ შემთხვევებზე – საგამოძიებო და სამართალდამცავმა ორგანოების მხრიდან.