ახალი ამბებიკომენტარი

გააგრძელეთ ბრძოლა — დეგნანი ლგბტ უფლებათა აქტივისტებს

30 ივნისი, 2022 • 2751
გააგრძელეთ ბრძოლა — დეგნანი ლგბტ უფლებათა აქტივისტებს

შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ საქართველოში კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი, რათა ქვიარ ადამიანებმა კანონმდებლობით გარანტირებული უფლებებით ისარგებლონ, მათ შორის, „ლგბტქ თემის წევრების ძალადობისგან დაცვა და ძალადობის დამგეგმავთათვის და განმახორციელებელთათვის პასუხისმგებლობის დაკისრება“.

ელჩმა დეგნანმა 30 ივნისს სიტყვით მიმართა „თბილისი პრაიდის“ საერთაშორისო კონფერენციას, სადაც საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და ბელარუსის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

„ნეტგაზეთი“ სრულად გთავაზობთ ელჩი დეგნანის სიტყვას:

„მინდა მადლობა გადავუხადო „თბილისი პრაიდს“ ამ ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული კონფერენციის ორგანიზებისათვის, ჩემი მოწვევისათვის, თქვენ კი- დასწრებისათვის.

ბაიდენის ადმინისტრაციამ ადამიანის უფლებები შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ძირითად წერტილად აქცია.

ყოველდღე, აქ, საქართველოში და ყველგან მსოფლიოში ჩვენ ვმუშაობთ მთავრობებთან და ადამიანის უფლებათა მცველებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს ყველასათვის თანასწორი მოპყრობა.

პლურალისტური დემოკრატიის ნამდვილი ტესტი არის უმცირესობებისა და სხვა, საზოგადოებისგან რაიმე სახით გარიყული, მარგინალიზებული ადამიანების უფლებების დაცვა. მარტივია უმრავლესობის უფლებების დაცვა, მაგრამ ნამდვილი ტესტი სწორედ ეს არის.

აშშ კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს პატივისცემით  მოპყრობას, იმსახურებს და უნდა შეეძლოს, იცხოვროს შიშის გარეშე, იმის მიუხედავად, ვინ არიან ისინი, ან ვინ იყვნენ… LGBTQI უფლებები არის ადამიანის უფლებები და ლგბტი ადამიანები იბრძვიან  თავისუფლად ცხოვრებისთვის.

ამ რეგიონში, ისევე როგორც მსოფლიოს უმეტეს ნაწილში, ლგბტქი თემი ისტორიულად მარგინალიზებულია და მისი უფლებრივი მდგომარეობა შეზღუდულია. ულტრამემარჯვენე ჯგუფები სულ უფრო მეტად იღებენ მიზანში ლგბტქ პირებს, სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება კი ზოგჯერ არაადეკვატურია, ვერ ახერხებს ამის აღკვეთასა და პრევენციას, რასაც, სამწუხაროდ, საქართველოში გასულ წელს შევესწარით.

წელს ჯერჯერობით ბევრად დამაიმედებელ სურათს ვხედავთ,  ყოველ შემთხვევაში, „თბილისი პრაიდსა“ და პოლიციას შორის კოორდინაციასთან დაკავშირებით. სამშაბათს საღამოს კინოჩვენებაზე პოლიციის ყოფნამ უზრუნველყო მშვიდი, მშვიდობიანი გარემო და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი. ეს კი „თბილისი პრაიდის“ ლიდერებისა და თემის წევრების მნიშვნელოვანი კომუნიკაციის, ურთიერთობისა და კოორდინაციის დამსახურება იყო.

კონსტიტუციურმა დემოკრატიებმა უნდა დაიცვან ეს უფლებები. შეერთებული შტატები ერთგულად უჭერს მხარს ლგბტქ ადამიანების უფლებებს საზღვარგარეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი შეერთებული შტატების ზოგიერთ ნაწილშიც კვლავ სენსიტიურ საკითხად რჩება. ამ მიზნით ვმუშაობთ თქვენნაირ პარტნიორებთან, რომლებსაც აქვთ მეტი გამოცდილება, შეუძლიათ გამოწვევების გადალახვა, ზოგჯერ კი ინოვაციური მიდგომები აქვთ პრობლემების გადასაჭრელად.

პროგრესი ძალიან ნელია, მაგრამ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული პარტნიორების მეშვეობით შევძლებთ, ავაშენოთ უფრო უსაფრთხო, უფრო ინკლუზიური გლობალური საზოგადოება ყველა ლგბტქი ადამიანისთვის.

საქართველო ქებას იმსახურებს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებისათვის, რითაც აღიარებს, რომ ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი; საქართველომ ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულება საკუთარი კანონებითა და კონსტიტუციით გაამყარა. ამ კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული.

მაგრამ გასაკვირი არ არის, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია, რათა ქაღალდზე არსებული ჩანაწერები რეალური დაცვის გარანტიებად და სერვისებად იქცეს. ეს მოითხოვს კანონების ჰარმონიზაციაზე მეტს, მოითხოვს რეალურ პროგრესს კანონების აღსრულებასა და იმპლემენტაციაში, თანაბარ მოპყრობას ყველასთვის, ჩვენ შორის ყველაზე დაუცველთა მხარდაჭერასა და მათთვის სოციალური დახმარების მიწოდებას. ეს მოითხოვს ყველაზე დაუცველთა, მათ შორის ლგბტქ თემის წევრების ძალადობისგან დაცვას და ამ ძალადობის დამგეგმავთათვის და განმახორციელებელთათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.

რაც მთავარია, ამას დასჭირდება საზოგადოების დონეზე, თემებსა და ოჯახებში გაზრდილი ტოლერანტობა და ინფორმირებულობა. პოლიტიკურმა ლიდერებმა, მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა, უნდა შეწყვიტონ ლგბტქ თემის ინსტრუმენტალიზება, პოლარიზაციის გაღრმავებისა და საქართველოს ევროპული გზის ძირის გამოთხრის მიზნით.

საჭიროა მეტი თანაგრძნობა და გაგება, ნაცვლად შიშისა და უყურადღებობისა. ყველასათვის თანაბარი უფლებების რეალიზაციისა და ევროპული ინტეგრაციისკენ მიმავალი გზა გრძელია. ჩვენ, შეერთებულ შტატებში, ჩვენსავე რთული გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს კარგად გვესმის.  შტატები დარჩება თქვენს პარტნიორად ამ გზაზე, მოგახმარებთ ჩვენს ათწლეულების განმავლობაში მიღებულ გამოცდილებას, თანამშრომლობის სულისკვეთებას, რაც ათწლეულების განმავლობაში ამავე გამოწვევებთან ბრძოლისას დაგვიგროვდა ჩვენს ქვეყანაში. და ეს პროცესი გრძელდება დღესაც.

ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა დაუსრულებელი პროცესია,  ეს ამ თემმა ყველაზე უკეთ იცის. აშშ-ში დღესაც გრძელდება ბრძოლა თანასწორობისთვის. მაგალითად, ჩვენი წარმატება, რასაც ქორწინების თანასწორობასთან დაკავშირებით მივაღწიეთ, იყო შედეგი იმისა, რომ ათასობით ადამიანი თქვენსავით მუშაობდა საშტატო და ეროვნულ დონეზე მცირე პოლიტიკური გამარჯვებების მოსაპოვებლად, მუშაობდა საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე, საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად,  უცოდინრობის წინააღმდეგ.

და მაინც, ბრძოლა სრული თანასწორობისთვის გრძელდება.

უნდა აღვნიშნოთ, რომ უმცირესობების, მათ შორის ლგბტქი თემის, ადამიანის უფლებებისა და ღირსების აღიარება უმრავლესობის ხარჯზე არ ხდება. პირიქით – ეს არ ლახავს, არ აკნინებს სხვის უფლებებს, ღირსებას, კულტურასა და ტრადიციებს. ეს პროცესი თანხვედრაშია უმაღლეს ღირებულებებთან, – ღირსებასთან, პატივისცემასთან და ტოლერანტობასთან, რაც ჩვენს ქვეყნებს აძლიერებს, რაც ჩვენი კონსტიტუციითაა განმტკიცებული.

დასასრულს, მოგიწოდებთ, გააგრძელოთ ბრძოლა, რათა მიგიღონ ისეთები, როგორებიც ხართ; მიგიღონ შვილებად, დებად, ძმებად, მეგობრებად, პატრიოტებად, საქართველოს, თქვენი ქვეყნის მოქალაქეებად. სწორედ თქვენნაირი სამოქალაქო აქტივისტები, თქვენს მეგობრებთან, ოჯახებთან და მეზობლებთან ერთად, მიაღწევთ აღიარებას, რასაც ეძებთ აქ, საქართველოში და რეგიონში.

თქვენი ადვოკატირება ადგილობრივ და ეროვნულ მთავრობებთან, თქვენი ძალისხმევა, დაეხმაროთ თემის წევრებს და თქვენი როლი ცნობიერების ამაღლებისა და უცოდინრობის გაქარწყლების საქმეში მომავალში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება“.


თბილისის პრაიდის კვირეული თბილისში დახურულ სივრცეებში იმართება.უკვე წლებია ლგბტქ+ ადამიანები კვირეულის აღნიშვნას ღია სივრცეებში თავისუფლად ვერ ახერხებენ ძალადობრივი ჯგუფებისგან მომდინარე საფრთხის გამო.გასული წლის 5 ივლისს პრაიდის წინააღმდეგ ორგანიზებულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადეს მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელზე, რომლებიც სწორედ პრაიდის გაშუქებას აპირებდნენ.მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ადამიანი პასუხისგებაში მისცეს, ორგანიზატორები ამ დრომდე არ არიან დაკავებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი