ახალი ამბები

ვიღებთ საქართველოს მხარდაჭერის ვალდებულებას საჭირო რეფორმების გასატარებლად – მიშელი

30 ივნისი, 2022 • 524
ვიღებთ საქართველოს მხარდაჭერის ვალდებულებას საჭირო რეფორმების გასატარებლად – მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განაცხადებით, ევროკავშირი იღებს საქართველოს მხარდაჭერის ვალდებულებას, რათა საჭირო რეფორმების გატარებით ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზაზე წინ წაიწიოს.

ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ტვიტერზე დაწერა. ღარიბაშვილი და მიშელი ერთამანეთს 29 ივნისს მადრიდში ნატო-ს სამიტის მიმდინარეობისას შეხვდნენ.

„პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ დავუდასტურე ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.  ეს ნამდვილად გეოსტრატეგიული მომენტია.

გასულ კვირას ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭება. ჩვენ ვიღებთ შემდგომი მხარდაჭერის ვალდებულებას, რათა წინ წავწიოთ ეს პროცესი მეტად საჭირო რეფორმების გასატარებლად“, – დაწერა შარლ მიშელმა.


23 ივნისს ევროპულმა საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც უკრაინას და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ თანმხლები პირობებით, საქართველოს კი, არა. სამივე ქვეყნის შემთხვევაში ევროპულმა საბჭომ მათი ევროპული პერსპექტივა აღიარა.

მანამდე, 17 ივნისს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი დასკვნა, სადაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პირობას უყენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი