ახალი ამბები

დეგნანი: ხელისუფლებამ ყველასთან უნდა ითანამშრომლოს EU-ს მოთხოვნების შესასრულებლად

28 ივნისი, 2022 • 1257
დეგნანი: ხელისუფლებამ ყველასთან უნდა ითანამშრომლოს EU-ს მოთხოვნების შესასრულებლად

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ ახლა არის დრო, როცა მთავრობამ უნდა ითანამშრომლოს ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ყველა ჩართულ მხარესთან, რათა შესრულდეს ის მოთხოვნები, რომლებიც ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებადაა საჭირო.

დეგნანი აღნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობამ არაერთხელ დააფიქსირა საკუთარი ერთგულება ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და ამჟამად საჭიროა, ქვეყანამ წარმოაჩინოს დემოკრატიის განვითარებისა და რეფორმების მიმართ ერთგულება. აშშ-ის ელჩი საქართველოში აღნიშნავს, რომ არცერთი ის რეფორმა, რომელსაც ევროკავშირი საქართველოსგან ითხოვს, ახალი არაა და იმედს გამოთქვამს, რომ პროცესი დასრულდება წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით:

„საქართველოს მოსახლეობამ სხვადასხვა დროს ჩატარებული გამოკითხვებით არაერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა სურვილი ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით. ახლა არის დრო, როდესაც მთავრობამ უნდა ითანამშრომლოს ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ყველასთან, იმისათვის, რომ ის მოთხოვნები, რაც არის დაყენებული კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, იქნეს შესრულებული. იმედია, ეს ყველაფერი წლის ბოლომდე შესრულდება და საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

საქართველო არის ევროპის ნაწილი და ევროკავშირს სურს მისი მიღება. უბრალოდ, ქვეყანამ უნდა წარმოაჩინოს ერთგულება დემოკრატიის განვითარების და რეფორმების მიმართ. არცერთი ეს რეფორმა ახალი არაა, ამაზე ბევრი საუბარი მიმდინარეობდა. ახლა ნამდვილად არის დრო, რომ მთავრობა, საზოგადოება გაერთიანდეს და ერთობლივად შეასრულონ ის რეფორმები, რომლებიც მოემსახურება საქართველოს მიზანს, გახდეს ევროატლანტიკური ოჯახის წევრი“, – აცხადებს აშშ-ის ელჩი საქართველოში.

ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებების დოკუმენტის თანახმად, საქართველომ უნდა შეასრულოს 12 პირობა, რის შემდეგაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდება.

ევროკომისიის თანახმად, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ უნდა განახორციელონ რეფორმები სასამართლო სისტემის, კორუფციასთან ბრძოლის, ოლიგარქიის გავლენების აღმოფხვრის, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების დაცვისა და მოქალაქეების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის წახალისების მიმართულებით.

საქართველოსთვის წარმოდგენილ მოთხოვნებში ასევე წერია, რომ ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს:

  • პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარება 19 აპრილის შეთანხმების [„შარლ მიშელის დოკუმენტის“] სულისკვეთებით პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით;
  • გაძლიერდეს ძალისხმევა, რათა უზრუნველყოფილ იქნას პლურალისტური მედიის თავისუფალი, პროფესიონალური და დამოუკიდებელი ფუნქციონირება, განსაკუთრებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის პროცედურები შეესაბამებოდეს უმაღლეს საკანონმდებლო სტანდარტებს, და აღიძრას მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიებები ჟურნალისტებზე და სხვა მედიაპროფესიონალებზე მუქარისა და [მათზე თავდასხმების] შემთხვევაში.
  • ახალი სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) ნომინირების პროცესში უპირატესობა დამოუკიდებელ პირს მიენიჭოს და ეს პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს; უზრუნველყოფილ იქნას ოფისის ეფექტური ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.

ქვეყნებისთვის მოთხოვნილი პირობების შესახებ მეტის გასაგებად იხილეთ მასალები:

მასალების გადაბეჭდვის წესი