ახალი ამბები

სამინისტრო FB პოსტზე კომენტარების დროებით შეზღუდვას ხარვეზით ხსნის

28 ივნისი, 2022 • 1094
სამინისტრო FB პოსტზე კომენტარების დროებით შეზღუდვას ხარვეზით ხსნის

საქართველოს კულტურის სამინისტრომ ევგენი მიქელაძის იუბილეზე გამოქვეყნებულ პოსტში არ ახსენა მისი გარდაცვალების გარემოება. მას შემდეგ, რაც აღნიშნულზე მას ფეისბუკის მომხმარებლებმა მიუთითეს და გააკრიტიკეს, პოსტზე კომენტარის ფუნქციის შეიზღუდა, შემდეგ კი განახლდა.

საქართველოს კულტურის სამინისტროს გვერდზე Facebook-ში 27 ივნისს გამოქვეყნდა პოსტი ქართველი დირიჟორის, საქართველოს სიმფონიური ორკესტრის, დამაარსებლის ევგენი მიქელაძის დაბადებიდან 119 წლის იუბილესთან დაკავშირებით. პოსტი მოიცავს ევგენი მიქელაძის შესახებ ძირითად ბიოგრაფიულ ცნობებს, მათ შორის, დაბადების თარიღს, სწავლასთან და კარიერასთან დაკავშირებულ თარიღებს.

სქრინი კულტურის სამინისტროს FB გვერდიდან

ევგენი მიქელაძე, ოჯახთან ერთად, 1937 წლის რეპრესიებს ემსხვერპლა. ის 34 წლის ასაკში დააპატიმრეს, დახვრეტამდე აწამებდნენ, რის შედეგადაც ჯერ მხედველობა დაკარგა, შემდეგ — სმენა.

სოციალური ქსელის მომხმარებლებმა კულტურის სამინისტროს პოსტის კომენტარებში გამოთქვეს კრიტიკა იმის შესახებ, თუ როგორ მოახერხა უწყებამ ევგენი მიქელაძეზე ბიოგრაფიული ცნობის გამოქვეყნება ისე, რომ მისი გარდაცვალების გარემოება არ ეხსენებინა. „როდის და როგორ გარდაიცვალა, რატომ არ წერთ, არ ანერვიულებთ ხალხს? არ დაიმსახურა?“ „რომ ახსენოთ, რომ კომუნისტებმა დახვრიტეს და მანამდე აწამეს, მინისტრი გაბრაზდება?“, „ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ისტორიაა 1930-იანი წლების უამრავი ტრაგიკული ისტორიიდან და თქვენ ამის შესახებ არ გსმენიათ? ერთი სიტყვით არ ახსენებთ ტექსტში, რომ ევგენი მიქელაძე საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლია. თავად რეპრესიულ მანქანად ქცეულთ გიქმნით ეს ფაქტი უხერხულობას თუ საბჭოთა რეჟიმის იმიჯს უფრთხილდებით? კომენტარს თუ წაშლით, კვლავ დავწერ“, — წერენ მოქალაქეები პოსტის კომენტარებში.

კრიტიკული კომენტარების შემდეგ, კულტურის სამინისტროს გვერდზე, ევგენი მიქელაძის შესახებ პოსტის ქვეშ დაკომენტარების უფლება შეიზღუდა.

„ნეტგაზეთი“ მიზეზის გასარკვევად დაუკავშირდა კულტურის სამინისტროს პრესსამსახურს. უწყებიდან მოგვწერეს, რომ კომენტარების ფუნქცია მოცემულ და სხვა პოსტებზე არ არის შეზღუდული. ამ დროისთვის კომენტარების ველი ისევ გახსნილია.

„პოსტის რედაქტირების დროს იყო მცირე ხნით [შეზღუდული]. პოსტის ხარვეზი გამოსწორებულია და კომენტარის გაკეთებაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია“, — აცხადებენ კულტურის სამინისსტროში.

ეს არ არის სახელმწიფო დაწესებულებების ოფიციალურ გვერდებზე კრიტიკული კომენტარების შეზღუდვის პირველი შემთხვევა. თეა წულუკიანის მინისტრობის დროს იუსტიციის სამინისტროს გიორგი ნონიაშვილმა უჩივლა Facebook-ში სამინისტროს გვერდზე მისი კომენტარის წაშლის და დაბლოკვის გამო. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება.

უზენაესმა სასამართლომ გამოხატვის თავისუფლების პოტენციურ დარღვევად მიიჩნია იუსტიციის სამინისტროს ფეისბუკ-გვერდზე მოქალაქის დაბლოკვა და განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიას დაუბრუნა.

კანონიერია თუ არა მოქალაქის დაბლოკვა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს

განახლება[20:09] სოციალურ ქსელებში კრიტიკის და მედიაში ინფორმაციის გასვლის შემდეგ, გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, კულტურის სამინისტრომ პოსტში ჩაურთო შემდეგი აბზაცი: “დიდი ქართველი დირიჟორი ევგენი მიქელაძე 1937 წელს, 34 წლის ასაკში საბჭოთა კავშირში განხორციელებული სასტიკი რეპრესიების მსხვერპლი გახდა სხვა მრავალ ქართველ მამულიშვილთან ერთად”.

მასალების გადაბეჭდვის წესი