ახალი ამბები

პარლამენტმა ალტ-ინფოს წევრები საინიციატივო ჯგუფად პროცედურული ხარვეზის გამო არ დაარეგისტრირა

27 ივნისი, 2022 • 1220
პარლამენტმა ალტ-ინფოს წევრები საინიციატივო ჯგუფად პროცედურული ხარვეზის გამო არ დაარეგისტრირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ჰომოფობიური ალტ-ინფოს პარტიის („კონსერვატიული მოძრაობის“) წევრები საინიციატივო ჯგუფად არ დაარეგისტრირა პროცედურული ხარვეზის გამო.

25 000 ამომრჩევლის სახელით კანონპროექტების წარდგენის მიზნით საინიციატივო ჯგუფად დარეგისტრირებას ითხოვდნენ: გიორგი ქარდავა, ზურაბ მახარაძე, ირაკლი მორგოშია, შოთა მარტინენკო და კონსტანტინე მორგოშია.

ჰომოფობიური მოძრაობის წევრები ცვლილებებს ითხოვენ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში.

„კონსერვატიული მოძრაობის“ წევრები ითხოვენ, კანონით აიკრძალოს ისეთი საჯარო ღონისძიებებისა და დემონსტრაციების ჩატარება, რომელთა მთავარ ან ერთ-ერთ მიზანს „მონაწილეთა სექსუალური ორიენტაციის დემონსტრაცია, პოპულარიზაცია და პროპაგანდა წარმოადგენს“.

ასევე, ჰომოფიური მოძრაობის წევრები ითხოვენ აიკრძალოს ისეთი შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებაც, სადაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს რომელიმე რელიგიის საწინააღმდეგო განცხადებებსა და მოწოდებებს.

ამასთან, „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრები ითხოვენ ისეთი შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების აკრძალვასაც, რომლის დროსაც  შესაძლოა, მოხდეს „ომის და ძალადობის პროპაგანდა, ეროვნული, კუთხური, რელიგიური ან სოციალური შუღლის გაღვივება“.

იმ მიზეზით, რომ მათ მიერ პარლამენტში წარდგენილი მასალები რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა და თითოეულ კანონპროექტს თან არ ახლდა განმარტებითი ბარათი, კომიტეტმა საინიციატივო ჯგუფი არ დაარეგისტრირა.

თუმცა, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, კანონპროექტის მხოლოდ ფორმალურ ხარვეზზე კი არა, მის შინაარსზეც უნდა იმსჯელონ, თუ რამდენად შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან.

„თორემ, ბატონები გამოასწორებენ ამ ხარვეზს, განმარტებით ბარათსაც დაურთავენ და ისევ სამსჯელო გახდება ეს საკითხი. ამ ეტაპზე კი შეიძლება, რომ ფორმალური ნიშნით უარი ვუთხრათ და არ დავარეგისტრიროთ, მაგრამ ეს არის უბრალოდ საკითხის განხილვის გადადება“, – განაცხადა ლევან ბეჟუაშვილმა.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ კორძაიას განცხადებით, ჰომოფობიური მოძრაობის კანონპროექტი არაფრად აგდებს არათუ საქართველოს კონსტიტუციას და მისწრაფებას, არამედ იმასაც, რომ  საქართველო იყოს მეტად დემოკრატიული და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სახელმწიფო.

„არ შეიძლება საქართველოს პარლამენტში ძალიან მშვიდად ვუყურებდეთ იმ საკითხებს, რომლითაც პედალირება ხდება, რომ ამ ქვეყანაში უთანასწორობა დამკვიდრდეს“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი