ახალი ამბები

შსს: მივიღებთ ყველა შესაბამის ზომას „თბილისი პრაიდის“ კვირეულის უსაფრთხოდ ჩატარებისთვის

27 ივნისი, 2022 • 1068
შსს: მივიღებთ ყველა შესაბამის ზომას „თბილისი პრაიდის“ კვირეულის უსაფრთხოდ ჩატარებისთვის

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოფილ იქნას „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, მართლწესრიგის დაცვა და აგრეთვე, კვირეულის ფარგლებში, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების დაცვა, რომელიც, მათი თქმით, კანონით დასაშვებ ფარგლებს არ გასცდება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, უწყება ორგანიზატორებთან მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფება.

მათი განცხადებით, სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით, გაეროს, “თბილისი პრაიდის,” ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მონაწილეობით, კვირეულის უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, ბოლო პერიოდში არაერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

„მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარკვეული ჯგუფები გეგმავენ აღნიშნული კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი დახურული ღონისძიებების ჩაშლას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და მოუწოდებს პრაიდ კვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფებს, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ფარგლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში, სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – აცხადებს შსს.


„თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით 28 ივნისიდან 2 ივლისამდე „პრაიდის კვირეულთან“ დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება იგეგმება. გავრცელებული ინფორმაციით, კვირეული სამი ძირითადი ღონისძიებისგან შედგება. ესენია: ახალი ქართული ქვიარ ფილმის ჩვენება, რეგიონული კონფერენცია, საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და ბელარუსიდან ლგბტქ აქტივისტების მონაწილეობით, პრაიდ ფესტივალი, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო არტისტებს გააერთიანებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი