ახალი ამბები

შსს ვალდებულია დაიცვას მედია და “თბილისი პრაიდის” მონაწილეთა უსაფრთხოება – მედიაკოალიცია

27 ივნისი, 2022 • 614
შსს ვალდებულია დაიცვას მედია და “თბილისი პრაიდის” მონაწილეთა უსაფრთხოება – მედიაკოალიცია

მედიის ადვოკატირების კოალიცია განცხადებას ავრცელებს „პრაიდის კვირეულთან“ დაკავშირებით, რომელიც „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით 28 ივნისიდან 2 ივლისამდე იგეგმება.

კოალიციის განცხადებით, 2021 წლის მძიმე გამოცდილების ფონზე, უმცირესობებმა უარი თქვეს „ღირსების მარშის“ გამართვაზე. მედიის ადვოკატირების კოალიცია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავიდან აირიდოს 2021 წელს დაშვებული შეცდომები, მიიღოს ეფექტიანი ზომები, რათა უზრუნველყოს თბილისი პრაიდის აქტივისტთა უსაფრთხოება, დაიცვას მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელისშეშლისაგან და ჰქონდეს დროული და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ძალადობრივ მოწოდებებსა და შუღლის გაღვივების ყველა მცდელობაზე.

„ყველასთვის ცნობილია, რომ პრაიდის დემონსტრაციები ლგბტქ თემის პოლიტიკური ადვოკატირების იარაღი, გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების შესაძლებლობაა, როცა თემი აჟღერებს საკუთარ საჭიროებებს, ხაზს უსვამს მიღწევებს. თემის წევრებს და მათ მხარდამჭერებს ეძლევათ შესაძლებლობა, ქუჩაში გამოვიდნენ თანასწორობის მისაღწევად. ვფიქრობთ, ღონისძიებების გამართვას კვლავაც უქმნიან საფრთხეს ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები – ისევ საჯაროდ მოუწოდებენ საზოგადოებას ძალადობისკენ.

უმცირესობების უფლებების დაცვა და აღიარება საერთო პასუხისმგებლობას წარმოადგენს. დისკრიმინაციის და ძალადობის შეჩერება კი სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებაა. 2021 წლის 5 და 6 ივლისის გამოცდილებამ აჩვენა, რომ სახელმწიფო გულგრილად ეპყრობა უმცირესობის უფლებებს, რაც შესაძლებლობას უქმნის მოძალადე ჯგუფებს გააძლიერონ და გაიმეორონ თავდასხმები როგორც აქტივისტების, ისე მედიის წარმომადგენლების მიმართ“, – ნათქვამია მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, კვირეული სამი ძირითადი ღონისძიებისგან შედგება. ესენია: ახალი ქართული ქვიარ ფილმის ჩვენება, რეგიონული კონფერენცია, საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და ბელარუსიდან ლგბტქ აქტივისტების მონაწილეობით, პრაიდ ფესტივალი, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო არტისტებს გააერთიანებს.

ყველასთვის ცნობილია, რომ პრაიდის დემონსტრაციები ლგბტქ თემის პოლიტიკური ადვოკატირების იარაღი, გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების შესაძლებლობაა, როცა თემი ახმიანებს საკუთარ საჭიროებებს, ხაზს უსვამს მიღწევებს. თემის წევრებს და მათ მხარდამჭერებს ეძლევათ შესაძლებლობა, ქუჩაში გამოვიდნენ თანასწორობის მისაღწევად.


2021 წლის 5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარშის” ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები საპატრიარქოს ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

ტვ “პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. მანამდე, 5 ივლისს, საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა მასზე იმ დროს იძალადეს, როდესაც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი