ახალი ამბები

იმედი გვაქვს, დამნაშავეები დაისჯებიან – Silk Road Group კაჭარავას მკვლელობაზე

26 ივნისი, 2022 • 1213
იმედი გვაქვს, დამნაშავეები დაისჯებიან – Silk Road Group კაჭარავას მკვლელობაზე

Silk Road Group-ი ეხმაურება ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობას და აცხადებს: „დიდი იმედი გვაქვს, რომ ლევანის მკვლელობა გამოძიებული იქნება და დამნაშავეები ჯეროვნად დაისჯებიან“.

„ღრმა მწუხარებით ვეხმიანებით ლევან კაჭარავას ტრაგიკული დაღუპვის ამბავს და ვიზიარებთ ლევანის ოჯახის მწუხარებას“, – აცხადებს კომპანია.

„ლევანი სილქ როუდ ჯგუფის დასაბამიდან იყო ჩვენთან, როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს წევრი. 2006 წლიდან ლევანმა სილქ როუდ ჯგუფისგან დამოუკიდებლად გააგრძელა წარმატებული ბიზნეს საქმიანობა. ლევანი იყო ჩვენი ძვირფასი მეგობარი და უაღრესად ღირსეული ადამიანი“, – წერია Silk Road Group-ის განცხადებაში.

ლევან კაჭარავა თბილისში, ბაგებში, პარასკევს, 24 ივნისს, საკუთარ ავტომობილში მოკლეს. შემთხვევის ადგილიდან „მთავარი არხის“ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ბიზნესმენის ავტომობილს ცეცხლი ვაკე-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე გაუხსნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ოფიციალურ უწყებებს ჯერ არ გაუვრცელებიათ.

ლევან კაჭარავა 1990-იან წლებში იყო ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის ბიზნესპარტნიორი და „სილქ როუდ ჯგუფის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. მან კავშირი აღნიშნულ კომპანიასთან 2000-იან წლებში გაწყვიტა და 2013 წელს დააფუძნა ლოჯისტიკური კომპანია Multiplex Petrolia Logistics Solutions BV. აღნიშნული ჯგუფში შემავალი კომპანიები ახორციელებენ გადაზიდვებს, მათ შორის, საქართველოდან ცენტრალური აზიის რეგიონში, ჩართულები არიან სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ-ლოჯისტიკურ პროექტებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი