ახალი ამბები

აბორტი აშშ-ში კონსტიტუციით გარანტირებული უფლება აღარაა — უზენაესის გადაწყვეტილება

24 ივნისი, 2022 • 1063
აბორტი აშშ-ში კონსტიტუციით გარანტირებული უფლება აღარაა — უზენაესის გადაწყვეტილება

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა გადაწყვეტილება, რომელიც აბორტის უფლებას ფედერალურ დონეზე აწესებდა.

ცვლილებების შემდეგ, აშშ-ში ქალები დაკარგავენ ფედერალური კონსტიტუციით ნახევარი საუკუნის განმავლობაში გარანტირებულ აბორტის უფლებას და შტატებს შეეძლებათ დამოუკიდებლად გადაწყვიტონ, შეზღუდავენ თუ არა საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში ამ საკითხს.

საუბარია 1973 წლის გადაწყვეტილებაზე (Roe v. Wade), რომლითაც აბორტის უფლება ფედერალური კონსტიტუციით იყო დაცული და მნიშვნელოვან სამართლებრივ ბერკეტებს ანიჭებდა აღნიშნულ უფლებას. საქმეზე „Roe v Wade“ 1973 წელს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ  ქალებს მიანიჭა აბორტის აბსოლუტური უფლება ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში და შეზღუდული უფლება- ორსულობის მეორე ტრიმესტრში.

აბორტის უფლება ამერიკულ საზოგადოებაში ბოლო ათწლეულებში მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი განხილვებისა და დაპირისპირების საკითხია. აშშ-ის კონსერვატიული ჯგუფები, „რესპუბლიკურ პარტიასთან“ ერთად, მიიჩნევენ, რომ აბორტის უფლება მნიშვნელოვნად უნდა იყოს შეზღუდული.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ტრამპის მმართველობისას უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე გარდაიცვალა და ტრამპმა ორი ახალი, კონსერვატიულად განწყობილი მოსამართლის დამტკიცება შეძლო, აშშ-ის 9-წევრიან უზენაეს სასამართლოში ძალთა ბალანსი სწორედ კონსერვატორების სასარგებლოდ შეიცვალა. უზენაეს სასამართლოში კი გადაწყვეტილებებს ხმათა უმრავლესობით იღებენ.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ სტატია ნეტგაზეთის არქივიდან – აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ შესაძლოა, აბორტის უფლების გაუქმებას დაუჭიროს მხარი

მასალების გადაბეჭდვის წესი