ახალი ამბები

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ შესაძლოა, აბორტის უფლების გაუქმებას დაუჭიროს მხარი

3 მაისი, 2022 • 1294
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ შესაძლოა, აბორტის უფლების გაუქმებას დაუჭიროს მხარი

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლო ემხრობა ქვეყანაში აბორტის აკრძალვას. დოკუმენტის პროექტის მიხედვით, რომელიც „პოლიტიკომ“ მოიპოვა, აღნიშნული უფლების გაუქმებას მოსამართლეთა უმრავლესობა უჭერს მხარს.

დოკუმენტის პროექტი აუქმებს 1973 წლის გადაწყვეტილებას (Roe v. Wade), რომლითაც აბორტის უფლება ფედერალური კონსტიტუციით იყო დაცული და უკუაგდებს 1992 წლის პრეცედენტს საქმეში „ოჯახის დაგეგმვა კეისის წინააღმდეგ“ (Planned Parenthood v. Casey), რომელიც მნიშვნელოვან სამართლებრივ ბერკეტებს ანიჭებდა აღნიშნულ უფლებას:

„ჩვენ მოვითათბირეთ, რომ „რუ და კეისი“ უნდა გაუქმდეს. დროა, გავაცნობიეროთ კონსტიტუცია და აბორტის საკითხის გადაწყვეტა ხალხის მიერ არჩეულ წარმომადგენლებს დავუბრუნოთ“, — წერია მოსაზრების პროექტში.

„პოლიტიკო“ აღნიშნავს, რომ მოსამართლეები ზოგჯერ საკუთარ გადაწყვეტილებებს კენჭისყრამდე ცვლიან და ეს შეიძლება მოხდეს ხმის მიცემამდე ერთი დღით ადრეც. როგორც მედიასაშუალება წერს, სასამართლოს დადგენილება მანამ არ იქნება საბოლოო, სანამ დოკუმენტი არ გამოქვეყნდება, რაც, სავარაუდოდ, უახლოს ორ თვეში მოხდება.

თუ უზენაესი სასამართლო თებერვლით დათარიღებულ პროექტს დაუჭერს მხარს, აშშ-ში ქალები დაკარგავენ ფედერალური კონსტიტუციით ნახევარი საუკუნის განმავლობაში გარანტირებულ აბორტის უფლებას და შტატებს შეეძლებათ დამოუკიდებლად გადაწყვიტონ, შეზღუდავენ თუ არა საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში ამ საკითხს. „პოლიტიკო“ აღნიშნავს, რომ უცნობია, განხორციელდა თუ არა დამატებითი ცვლილებები მოსაზრების პროექტში.

დოკუმენტის იმ ვერსიით კი, რომელიც „პოლიტიკომ“ მოიპოვა, დეკემბერში, არგუმენტების მოსმენის შემდეგ, მხარი რესპუბლიკური პარტიის მიერ წარდგენილმა 5-მა მოსამართლემ დაუჭირა. წყარო გამოცემას ეუბნება, რომ დემოკრატიული პარტიის მიერ დანიშნული სამი მოსამართლე განსხვავებულ მოსაზრებას ამზადებს. მოსამართლე ჯონ რობერტსის გადაწყვეტილების შესახებ კი ინფორმაცია ცნობილი არ არის.

თუ უზენაესმა სასამართლომ მიიღო მოსამართლე სემუელ ელიტოს მომზადებული პროექტი, რომელსაც უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს, საკითხი მისისიპის შტატის სასარგებლოდ გადაწყდება, რომელიც ცდილობს, შტატის ფარგლებში 15 კვირაზე მეტი ვადის შემდეგ აბორტების უმრავლესობა აკრძალოს.

აბორტის უფლება ამერიკულ საზოგადოებაში ბოლო ათწლეულებში მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი განხილვებისა და დაპირისპირების საკითხია. აშშ-ის კონსერვატიული ჯგუფები, „რესპუბლიკურ პარტიასთან“ ერთად, მიიჩნევენ, რომ აბორტის უფლება მნიშვნელოვნად უნდა იყოს შეზღუდული. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ტრამპის მმართველობისას უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე გარდაიცვალა და ტრამპსა ორი ახალი, კონსერვატიულად განწყობილი მოსამართლის დამტკიცება შეძლო, აშშ-ის 9-წევრიან უზენაეს სასამართლოში ძალთა ბალანსი სწორედ კონსერვატორების სასარგებლოდ შეიცვალა. უზენაეს სასამართლოში კი გადაწყვეტილებებს ხმათა უმრავლესობით იღებენ.

მოსალოდნელია, რომ თუ უზენაესი სასამართლო შეზღუდავს ან გააუქმებს აბორტის უფლებას, ეს გამოიწვევს მასშტაბურ საპროტესტო ტალღას, რადგან ეს გადაწყვეტილება ძირითადად დააზარალებს აშშ-ის დაბალშემოსავლიან, მოწყვლად ქალებსა და ახალგაზრდა გოგოებს. გარდა ამისა, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა, გაზარდოს არალეგალური აბორტების რიცხვი, რაც ასევე მძიმედ აისახება ქალების ჯანმრთელობაზე, ხშირ შემთხვევაში კი, შეიძლება ფატალურიც აღმოჩნდეს.

საქმეზე „Roe v Wade“ აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 1973 წელს ქალებს მიანიჭა აბორტის აბსოლუტური უფლება ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში და შეზღუდული უფლება ორსულობის მეორე ტრიმესტრში.

იმავე სასამართლომ 1992 წელს საქმეზე Planned Parenthood v Casey დაადგინა, რომ შტატებს არ შეუძლიათ „შეუსაბამოდ მძიმე ტვირთი“ დააკისრონ ქალებს, რომლებსაც სურთ აბორტის გაკეთება ორსულობის 24-ე კვირამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი