ახალი ამბები

სალომე სამადაშვილი ღარიბაშვილსა და კობახიძეს სასამართლოში უჩივის

24 ივნისი, 2022 • 1123
სალომე სამადაშვილი ღარიბაშვილსა და კობახიძეს სასამართლოში უჩივის

„ლელოს“ წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივის.

ღარიბაშვილმა და კობახიძემ ის დაადანაშაულეს, რომ ევროპაში ვიზიტებისას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ მუშაობდა.

„ღარიბაშვილის თავდასხმის შემდეგ დამიკავშირდნენ სხვადასხვა საელჩოები და მკითხეს, უსაფრთხოდ ვგრძნობ თუ არა თავს. თვლიან, რომ ვინმეს გამოცხადება ქვეყნის მოღალატედ არის ძალადობის წახალისება. მირჩიეს, რომ შევიტანო სარჩელი. დღეს კობახიძემ გაიმეორა იგივე. მსურს საზოგადოებას ვაცნობო, რომ გადავწყვიტე ოფიციალურად ვუჩივლო ივანიშვილის ორივე ხელქვეითს. არ ვიცი, რომელ სოროებში იქნებიან იმ დროისთვის, როდესაც ეს სარჩელი დაკმაყოფილდება. ივანიშვილის სასამართლო, ცხადია, სარჩელს თაროზე შემოდებს, მაგრამ მიაკითხავს სამართალი, ადრე თუ გვიან“, — წერს დეპუტატი Facebook-ზე.

სალომე სამადაშვილმა „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ იურისტებთან გაივლის კონსულტაციას, თუ რა მუხლს დაეფუძნება სარჩელი. სამადაშვილის თქმით, გარდა იმისა, რომ ადგილი აქვს ცილისწამებას და რეპუტაციული ზიანის მიყენებას, ხელისუფლების მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება შეიძლება მიჩნეულ იქნაც ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდებად.

სამადაშვილი ამბობს, რომ მუქარის შემცველ მესიჯებს იღებს სოციალურ ქსელში და თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს იმ გარემოში, სადაც პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს გამუდმებით თავს ესხმიან და ძალადობა წახალისებულია.

სამადაშვილი სასამართლოში სარჩელის შეტანას მომავალ კვირას გეგმავს, თუმცა ობიექტურ გადაწყვეტილებას არ ელის. მიუხედავად ამისა, დეპუტატი თვლის, რომ იურიდიული ბერკეტები უნდა გამოიყენოს ყველამ, მათ შორის, სოროსის ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელმა ვანო ჩხიკვაძემაც, რომელსაც „ოცნება“ ასევე ადანაშაულებს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში.

„წარმოადგინონ მტკიცებულებები, რაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმიცემას ვითხოვდი“, — ამბობს სალომე სამადაშვილი.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან თქვა, რომ სალომე სამადაშვილი ბრიუსელში „პირადად დადიოდა და სთხოვდა, რომ არ მისცეთ კანდიდატის სტატუსი. იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს!“. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს თქვა, რომ ვანო ჩხიკვაძე და სალომე სამადაშილი ეწეოდნენ აგიტაციას კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ.

ამ თემაზე:

ოპოზიცია გვევედრებოდა სტატუსს, ნუ ცრუობთ – ევროპარლამენტარი ღარიბაშვილს

მასალების გადაბეჭდვის წესი