ახალი ამბები

ოპოზიცია გვევედრებოდა სტატუსს, ნუ ცრუობთ – ევროპარლამენტარი ღარიბაშვილს

22 ივნისი, 2022 • 1261
ოპოზიცია გვევედრებოდა სტატუსს, ნუ ცრუობთ – ევროპარლამენტარი ღარიბაშვილს

ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგორევას თქმით, სიცრუეა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ  ოპოზიცია ხელს უშლიდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

დღეს, 22 ივნისს, პარლამენტში სამთავრობო ანგარიშის წარდგენისას, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცია ხელს უშლიდა, საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი და ამ მხრივ, „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი გამოყო და ქვეყნის მოღალატე უწოდა.

გრეგორევას თქმით კი, ბრიუსელში ჩასული ოპოზიციის წევრები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსს ითხოვდნენ.

„იყავით ბრიუსელში? მე არ მინახიხართ, მაგრამ მე ვიყავი ოპოზიციასთან შეხვედრებზე და ყველა მათგანი თითქმის გვევედრებოდა კანდიდატის სტატუსს. ამიტომ ნუ ცრუობთ. ჩამოდით ბრიუსელში და ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ. ნუ იქნებით პრობლემა, იყავით გამოსავალი“, – მიმართავს გრეგოროვა ღარიბაშვილს.

ღარიბაშვილს უპასუხა კიდევ ერთმა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა  და განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის სურვილი ჰქონდა, თუმცა, უშედეგოდ.

„მე კი პირადად ვთხოვე, ბრატისლავაში GLOBSEC-ზე ყოფნისას შემხვედროდა. სამწუხაროდ, პასუხი არ არის. მე ნამდვილად ვნანობ ამას, მაგრამ სხვა რისი გაკეთება შეგვეძლო?“ – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.


17 ივნისს ევროკომისიამ მხარი დაუჭირა მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, თუმცა – პირობებით. რაც შეეხება საქართველოს – კანდიდატის სტატუსი ჯერ არ იქნება, თუმცა იქნება პირობები, რომელთა წარმატებით შესრულების შემდეგაც, ევროკომისია მოუბრუნდება საქართველოს საკითხს.

საბოლოო გადაწყვეტილება კი ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს, რომელიც 23-24 ივნისს შეიკრიბება.

რას ნიშნავს და რა განსხვავებაა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის სტატუსებს შორის | ამხსნელი

მასალების გადაბეჭდვის წესი