ახალი ამბები

სტატუსი საქართველოსაც ეკუთვნოდა, ეს გაუგებარი კრიტერიუმებია — უნგრეთის საგარეო მინისტრი

24 ივნისი, 2022 • 955
სტატუსი საქართველოსაც ეკუთვნოდა, ეს გაუგებარი კრიტერიუმებია — უნგრეთის საგარეო მინისტრი

უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, რომელიც თბილისში იმყოფება, აცხადებს, რომ უნგრეთის პოზიციით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც უნდა მინიჭებოდა და კრიტერიუმები, რაც საქართველოს დაუწესა ევროპულმა საბჭომ, „სრულიად გაუგებარი“ და „ჰაერიდან მოტანილია“.

„გუშინ ბრიუსელში ისტორიული გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ამ ისტორიული გადაწყვეტილებით, ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკას მიანიჭა კანდიდატის სტატუსი. უნგრეთმა მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას.

ამავე დროს, მინდა ცხადად განვაცხადო, რომ ჩვენ გვინდოდა, საქართველოსაც მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მას „გაუგებრად“, „აუხსნელად“ მიაჩნია ის კრიტერიუმები, რაც საქართველოს გაუწერეს. მან ასევე განაცხადა, რომ „ევროპული პერსპექტივით, ზიანის მომტანიც იყო გადაწყვეტილება, რაც ბრიუსელში მიიღეს… ეს არ არის დაწყნარების არც მცდელობა… ბრიუსელი იყენებს იგივე ორმაგ სტანდარტებს ჩვენთან, უნგრელებთან მიმართებაში, როგორც თქვენ წინააღმდეგ იყენებს“.

„რაც შეეხება პირობების კრიტერიუმს, რაც განსაზღვრული იყო თქვენთვის გუშინ… რთულია მისი გააზრება და ზოგადია თავისი ხასიათით, ზოგ შემთხვევაში კი საკმაოდ აზრს მოკლებულია. ერთი მაჩვენებელია აქ, რომ არის ე.წ.მატრიცა მათ უკან, ეს ემყარება ზოგიერთი ადამიანის მხოლოდ სუბიექტურ თვალსაზრისს“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ

მისი განცხადებითვე, კრიტერიუმები ბუნდოვანია და თუ მათ გავყვებით, „ძალიან დიდი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით“.

„მოდით, ერთი მაგალითი განვიხილოთ: „პოლიტიკური პოლარიზაციის შეწყვეტა“. დემოკრატია საპარლამენტო პარტიების შეჯიბრებას გულისხმობს. ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან, ისინი პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა მხარეს არიან განლაგებული. თქვენ ამის შეწყვეტა შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ნიშნავს ერთპარტიულ სისტემას, როგორც კომუნისტურ დროს.

ამიტომ ეს სრულიად გაუგებარი, აუხსნელი კრიტერიუმი მგონია, რომელიც სუბიექტურ თვალსაზრისს ემყარება. თუ ბრიუსელში ვინმე იტყვის, რომ ესა და ეს კანონი უნდა შეასწოროთ, ასე და ასე გააკეთოთ, ჩვენ, რა თქმა უნდა, მარტივ სიტუაციაში ვიქნებოდით – მთავრობა შესთავაზებდა, პარლამენტი ხმას მისცემდა. მაგრამ ეს გახლავთ პოლიტიკური საკითხი და ჩვენ პოლიტიკურად უნდა ვიბრძოლოთ, ვიზრუნოთ იმისთვის, რათა საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

პიტერ სიიარტროს განცხადებით, საქართველო იმსახურებს, გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. „ეს [სტატუსის არმინიჭება] გახლავთ კიდევ ერთი დაკარგული შესაძლებლობა. ეს არის უპატივცემულობა საქართველოს მისამართით“, – განაცხადა მან.

ამასთან, პიტერ სიიარტრო ამბობს, რომ უნგრეთი გააძლიერებს საქართველოს დახმარებას: მიავლენს ევროკავშირთან ინტეგრაციის ექსპერტს საგარეო საქმეთა სამინისტროში, გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში და ა.შ.

„გული გვწყდება, რომ ეს სტატუსი ვერ მიიღეთ და ვეცდებით, რომ ეს შეცდომა რაც შეიძლება მალე გამოვასწოროთ… თქვენ არ უნდა დაელოდოთ 6 თვეს. ჩვენ ვეცდებით, რომ ეს შეცდომა გამოსწორდეს. ეს კრიტერიუმები არის ჰაერიდან მოტანილი“, – განაცხადა მან [თარგმანი ეკუთვნის საგარეო საქმეთა სამინისტროს თარჯიმანს].

23 ივნისს ევროკავშირის საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო: უკრაინასა და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებათ, საქართველოს შემთხვევაში კი მოხდება ევროპული პერსპექტივის აღიარება. ამასთან, ევროკავშირის საბჭო მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს საქართველოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება“.

პრიორიტეტებს შორის დასახელებულია „დეოლიგარქიზაცია“, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უზრუნველყოფა, მიუკერძოებელი სამართალდამცავი უწყებების ფუნქციონირება, მედიამენეჯერების წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებში მიუკერძოებლობა და ა.შ.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი