ახალი ამბები

სამწუხაროდ, ხელისუფლებამ გაანეიტრალა ქართული დიპლომატია – ყოფილი დიპლომატები

24 ივნისი, 2022 • 1306
სამწუხაროდ, ხელისუფლებამ გაანეიტრალა ქართული დიპლომატია – ყოფილი დიპლომატები

კარიერული დიპლომატები, რომლებიც დღესდღეობით საგარეო საქმეთა სამინისტროში აღარ მუშაობენ, ეხმაურებიან ევროპული საბჭოს 23 ივნისის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, საქართველოს კი – მხოლოდ ევროპული პერსპექტივა.

„ძალიან დასანანია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით მოხდა ე.წ. ასოცირებული ტრიოს განცალკევება და საქართველო გამოეყო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ლიდერთა ჯგუფს, სადაც ის სულ რამდენიმე წლის წინ მოწინავე ქვეყანას წარმოადგენდა და საუკეთესო რეფორმატორად მოიაზრებოდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღიდან ქართული დიპლომატიის ამოსავალ წერტილსა და უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა საქართველოს დაბრუნება ევროპულ ოჯახში და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში შეუქცევადი ინტეგრაცია. უკიდურესად დასანანია, რომ ამ უნიკალურ და ისტორიულ შანსს საქართველოს ხელისუფლება სრულიად მოუმზადებელი შეხვდა და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან უწყვეტ რეჟიმში ინტენსიური მუშაობისა და ჩვენთვის სასურველი შედეგის მიღწევის ნაცვლად, ბოლო პერიოდში მათი მხრიდან ანტიევროპული და ანტიდასავლური რიტორიკა კიდევ უფრო გამწვავდა.

სამწუხაროდ, ხელისუფლებამ, ასევე, თანმიმდევრულად გაანეიტრალა ქართული დიპლომატია და საშუალება არ მისცა პროფესიონალ ქართველ დიპლომატებს, შეესრულებინათ მათი უმთავრესი ამოცანა, უზრუნველეყოთ არსებულ რეალობაში ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა“, — ნათქვამია განცხადებაში.

მიუხედავად ამისა, განცხადების ავტორები იმედოვნებენ, რომ ქართულ დიპლომატიას საშუალება მიეცემა, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით დაფიქსირებული ვალდებულებების თანახმად, მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს სრული ინტერგაციის უზრუნველსაყოფად.

„ყველა იმ ქართველ დიპლომატს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული არჩევანი, შეუძლია შემოუერთდეს ამ განცხადებას“, — ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ გიგი გიგიაძე, გიორგი მუჩაიძე, გია ჯაფარიძე, ვალერი ჩეჩელაშვილი, შოთა ღვინერია, ალექსი პეტრიაშვილი.

გადაწყვეტილება: კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოს — პერსპექტივა

მასალების გადაბეჭდვის წესი