ახალი ამბები

სირცხვილია: ქართველი ხალხი პრინციპულად დაიცავს ევროპულ არჩევანს

24 ივნისი, 2022 • 1051
სირცხვილია: ქართველი ხალხი პრინციპულად დაიცავს ევროპულ არჩევანს

მოძრაობა „სირცხვილია” განცხადებას ავრცელებს, სადაც უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს და აცხადებს, რომ ქართველი ხალხი პრინციპულად დაიცავს ევროპულ არჩევანს და მომავალს.

მოძრაობაში აცხადებენ, რომ კარგადაა ცნობილი, თუ რა ეღობება ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე და ეს ჩაიწერა ევროპული კომისიის რეკომენდაციებშიც. „სირცხვილია“ ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში უნდა მოხდეს დეოლიგარქიზაცია და ზედმიწევნით შესრულდეს ყველა ის პუნქტი, რომლის შესრულების შემდეგაც, საქართველო უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად თავადაც გახდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა:

„მადლობელი ვართ ყველა ევროპის კავშირის ინსტიტუტის ლიდერის, რომელმაც დაუღალავი შრომა ჩადო საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპულ ინტეგრაციაში გადადგმულ ნაბიჯებში. ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ უპირობო მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი. გვსურს დაგიბრუნოთ მადლობა და ხაზგასმით გავიმეოროთ, რომ ქართველი ხალხი პრინციპულად დაიცავს ევროპულ არჩევანს და მომავალს. ჩვენ ვიცით, რა ეღობება მას წინ, ეს ევროპულმა კომისიამაც ხაზგასმით ჩაგვიწერა რეკომენდაციაში — საქართველოში უნდა მოხდეს დეოლიგარქიზაცია და ზედმიწევნით შესრულდეს ევროპული კომისიის პუნქტები.

ქართველი ხალხის არჩევანი არის ურყევი, ერთიანი და პრინციპული. საქართველო, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, გახდება ევროკავშირის წევრი. გელოდებით ხვალ, 20:00 საათზე, პარლამენტის წინ“, – ამბობენ განცხადების ავტორები.

ხვალ, 24 ივნისს 20:00 საათზე „სირცხვილია“ მორიგ აქციას გეგმავს. ორგანიზატორების განცხადებით, მანიფესტაციაზე საზოგადოებას გააცნობენ დეტალურ სამოქმედო გეგმას და მოთხოვნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი