ახალი ამბები

საქართველოს მთავრობამ უნდა მოუბოდიშოს EU-ს ინსტიტუტებს — კუბილიუსი

23 ივნისი, 2022 • 472
საქართველოს მთავრობამ უნდა მოუბოდიშოს EU-ს ინსტიტუტებს — კუბილიუსი

ევროპარლამენტის წევრის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ბოდიში უნდა მოუხადოს ევროკავშირის ინსტიტუტებს, რადგან ბრალდებები ომში ჩართვაზე „სრული სიცრუეა“.

„სამწუხაროა, რომ საქართველოს ახლა ასეთი რიტორიკის მქონე პრემიერი ჰყავს. კომისიამ ძალიან მკაფიოდ თქვა, რატომ გამოყვეს საქართველო უკრაინისგან და მოლდოვისგან და რატომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი — ეს იყო პოლიტიკური პოლარიზაცია.

ნაცვლად იმისა, რომ პრემიერი გამოვიდეს, მიიწვიოს პოლიტიკური ძალები და გადადგას ნაბიჯები განსხვავებული მიდგომის, ერთიანობის დემონსტრირებისთვის ან ერთიანი ეროვნული მთავრობის ჩამოყალიბებისთვის, ის პირველ რიგში ადანაშაულებს ოპოზიციას ცრუ ბრალდებებით. ბევრი ოპოზიციონერი ჩამოდის, ჩამოდიან ქართული ოცნების წევრებიც და ყველა გვთხოვთ, რომ საქართველოს კანდიდატობას მხარი დავუჭიროთ, მაგრამ განცხადებები საქართველოს ომში ჩართვის შესახებ არა მხოლოდ სრული სიცრუეა, არამედ აჩვენებს, რომ ქართულ ოცნებას რაღაც საიდუმლო გეოპოლიტიკური დღის წესრიგი აქვს.

არავინ არავის სთხოვს ომში ჩართვას, საჭიროა, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის ინსტიტუტებს ბოდიში მოუხადოს, რადგან ბრალდებები სრული სიცრუეა”, — განაცხადა კუბილიუსმა ტელეკომპანია  „ფორმულასთან“ საუბრისას.

მისი განცხადებითვე, სააკაშვილზე იმის თქმა, რომ ის არის ოლიგარქი მაშინ, როდესაც, ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის რეალური ლიდერი, მიანიშნებს იმაზე, რომ მთავრობა სერიოზულად ვერ აღიქვამს ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი