ახალი ამბები

სამეგრელოსა და იმერეთში სტიქიის შედეგად სახლები და ქუჩები დაიტბორა

23 ივნისი, 2022 •
სამეგრელოსა და იმერეთში სტიქიის შედეგად სახლები და ქუჩები დაიტბორა

სამეგრელოსა და იმერეთში უკვე დაიწყო სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა.

ძლიერი, გადაუღებელი წვიმის შედეგად, გუშინ, 22 ივნისს, ამ რეგიონებში დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სოფლებისა და ქალაქების ქუჩები. ამასთან, დაზიანდა ინფრასტრუქტურაც, მათ შორის, ხიდები და გზები.

სამეგრელოს სამხარეო ადმინისტრაციის მიერ “ნეტგაზეთისთვის” მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, რეგიონში ყველაზე მეტად დაზარალდა სენაკის, აბაშის, ხობის, მარტვილისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტები. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო სენაკში, სადაც მუნიციპალიტეტის ცენტრთან ერთად სტიქიამ 7 სოფელი დააზიანა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ძლიერი წვიმების შედეგად ადიდდა მდინარეები, ხოლო სანიაღვრე სისტემებმა წყალი ვეღარ დაიტია, რის შედეგადაც დაზიანდა ხიდების ჯებირები და ჩამოირეცხა სოფლების შიდა გზები.

ადგილობრივ მუნიციპალურ სამსახურებთან ერთად, მეორე დღეა ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები. ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. ამასთან, შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ზარალის ოდენობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

რაც შეეხება იმერეთს, რაიონის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ძლიერი წვიმებისგან წარმოქმნილმა წყალდიდობამ ქუთაისის, წყალტუბოს, ხონისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტები დააზარალა, სადაც ამჟამად სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

წყალმოვარდნების შედეგად აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში დაიტბორა ქუჩები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სახნავ-სათესი მიწები.

ოთხივე მუნიციპალიტეტში შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია, რომელიც შესაბამისი ღონისძიებების გატარებაზე დილიდან მუშაობს.

გარეკანის ფოტო: კადრები FB/სენაკის ქრონიკის ვიდეოებიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი