ახალი ამბები

ეს იყო რეჟიმის ამაზრზენი სახე და განაცხადი – ბოკერია პრემიერის გამოსვლაზე

23 ივნისი, 2022 • 704
ეს იყო რეჟიმის ამაზრზენი სახე და განაცხადი – ბოკერია პრემიერის გამოსვლაზე

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი გამოსვლა პარლამენტში იყო „რეჟიმის სახე“, რომელიც მხოლოდ ძალაუფლების განმტკიცებაზე ფიქრობს და ისტორიულ შანსს ხელიდან აცლის ქვეყანას, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ქვეყნის მართვის სადავეებიდან ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანი ფორმით ჩამოშორებაა.

გიგა ბოკერიას თანახმად, 22 ივნისს საზოგადოებამ იხილა, როგორი „განსაკუთრებით ამაზრზენი ფორმით წარდგა ივანიშვილის რეჟიმი“ საზოგადოების წინაშე. ბოკერიას თქმით, ეს „იყო არა მარტო ამ რეჟიმის სახე, არამედ განაცხადი“.

„ეს იყო განაცხადი, რომ ახლაც, დღევანდელ ვითარებაში, – საფრთხეს, ისტორიული შანსი გავუშვათ ხელიდან, – ეს რეჟიმი, ივანიშვილი და მისი გარემოცვა, ეს ამაზრზენი, სამარცხვინო არარაობა, ღარიბაშვილი, განიხილავენ როგორც შესაძლებლობას საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისთვის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის თქმით,  გუშინდელი დღით „ქართული ოცნების“ ლიდერებმა „პირდაპირ გვითხრეს, რომ არათუ რამის შეცვლას, ტრანსფორმაციას არ აპირებენ, რათა გადაარჩინონ მომავალი, რომელსაც საფრთხე თავადვე შეუქმნეს გარე მტერთან ერთად, არამედ განაცხადეს, რომ „ეს არის ის ვითარება, რაც მათთვის არის ხელსაყრელი“.

ბოკერიას განცხადებით, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ერთადერთი ამოცანა, რის გარშემოც საზოგადოება უნდა გაერთიანდეს და რისკენაც „ევროპული საქართველო“ მოუწოდებს,  არის „ამ რეჟიმის, როგორც პოლიტიკური კეთროვანების, გარიყვა“.

„ამ რეჟიმის წასვლა და ახალი არჩევნები არის ერთადერთი რამ, რაც ჩვენს ქვეყანას ამ ისტორიულ მონენტში გადაგვარჩენს“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, ამ მიზნის მიღწევას „სჭირდება აქტიური მოქალაქეების დიდი რაოდენობა“.

„არა ერთი ან ორი აქცია, არამედ შესაძლოა კარგა ხანი მზაობა [დაგვჭირდეს] ამ რეჟიმის მშვიდობიანი პროტესტით რყევისთვის. და მზაობისთვის, ნებისმიერ მომენტში, ცივილიზებული, მაგრამ მტკიცე, მწვავე ამ რეჟიმის გაძევებისა“, – განაცხადა მან.

გიგა ბოკერიას განცხადებით, „დეოლიგარქიზაცია“, რაც ევროკომისიის რეკომენდაციაშია საქართველოს ერთ-ერთ ვალდებულებად გაწერილი, „არ არსებობს ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშორების გარეშე“.


22 ივნისს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წინაშე წარდგა. პრემიერი პარლამენტის წინ ანგარიშით უნდა წარმდგარიყო. თუმცა, ამის ნაცვლად, ეს დრო ძირითადად ოპოზიციასთან პოლემიკაში და დაპირისპირებაში გავიდა. მოგვიანებით პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ღარიბაშვილის გამოსვლას პარლამენტში „აბსურდი“ უწოდა.

მისი რამდენიმე განცხადება 22 ივნისის სხდომიდან იხილეთ აქ:

მასალების გადაბეჭდვის წესი