ახალი ამბები

„სად უნდა მივიდეთ?“ – ზარქუამ აქციაზე მისვლა რამდენიმე საათში გადაიფიქრა

22 ივნისი, 2022 • 671
„სად უნდა მივიდეთ?“ – ზარქუამ აქციაზე მისვლა რამდენიმე საათში გადაიფიქრა

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ევროკავშირის მხარდამჭერ აქციებზე მისვლა რამდენიმე საათში გადაიფიქრა.

დღეს, 22 ივნისს დილით, ზარქუამ ჟურნალისტებთან თქვა, რომ შესაძლოა, ევროკავშირის მხარდამჭერ აქციებს თავადაც შეუერთდეს. თუმცა, ზარქუას თქმით, პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენისას ოპოზიციის წევრების განცხადებებმა დაარწმუნა, რომ 24 ივნისს დაგეგმილი აქცია არის  „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა ორი“, პროცესები რევოლუციაში გადაიზარდოს.

მეორე მხრივ კი, ზარქუა ამტკიცებს, რომ ენმ-ს მხარდამჭერები არ ჰყავს და ეს 20 ივნისს ევროკავშირის მხარდასაჭერად გამართულ მრავალათასიან აქციაზეც გამოჩნდა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ 20 ივნისის აქცია მიითვისოს.

ქალბატონო ხატია [დეკანოიძე], სულ ტყუილად ცდილობთ თქვენ, რამდენიმე დღის წინ გამართული აქცია მიითვისოთ. იქ „ნაციონალური მოძრაობა“ უმცირესობაში იყო და ამის დემონსტრირება იყო, როდესაც პლაკატიც არ აგატანინეს და მიკროფონიც კი არ მოგცეს. მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად ყველაფერი გავაკეთე და დღეს ჟურნალისტები მეკითხებოდნენ, იქ აქცია რომ იქნება, ხომ [არ მიხვალო], მე ვუთხარი, მშვიდობიანი თუ იქნება, შეიძლება მივიდე-მეთქი.

სად უნდა მივიდეთ? როგორ უნდა მივიდეთ? – რა მცდელობა გაქვთ, რომ… 1 საათი ვერ მოგისმენიათ და ვერ აგიტანიათ სიმართლე. როგორ ემუქრებით პრემიერს და მთავრობას, ჩამოგაგდებთ, დაგამთავრებთო. ამიტომ, კიდევ ერთხელ ცხადად უნდა ითქვას –  24 ივნისი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა ორი, რომ რევოლუციაში გადაიყვანოს ეს პროცესი. არ გამოგივათ, გამორიცხულია, იმიტომ, რომ მხარდამჭერებიც არ გყავთ და ამის დემონსტრირება იყო, რომ პლაკატიც ვერ აიტანეთ და იქიდან ჩამოგაბუნძულეს“, – განაცხადა ზარქუამ.


20 ივნისს თბილისში გაიმართა ევროკავშირის მხარდამჭერი მრავალათასიანი აქცია – „შინ ევროპისკენ“. ნეტგაზეთის გამოთვლით, აქციაზე მინიმუმ 120 ათასი ადამიანი იყო, მაქსიმუმ – 160 000.

აქციამდე მმართველი გუნდის წარმომადგენლები მას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აკავშირებდნენ. თუმცა მას შემდეგ, რაც აქცია ბოლო ათწლეულში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა, ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკა ნაწილობრივ შეიცვალა და აცხადებდნენ, რომ აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები უნდა გაიმიჯნონ, რადგან აქციაში მათი მხარდამჭერებიც მონაწილეობდნენ, ხოლო ორგანიზატორი იყო მათ მიერ ენმ-ის ფრთად მოხსენიებული „სირცხვილია“.

მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით მომდევნო აქცია 24 ივნისსაა დაგეგმილი.

„ველი, რომ ისევ შევიკრიბებით“ – შესაძლოა, ზარქუა EU-ს მხარდამჭერ აქციებზე მივიდეს

მასალების გადაბეჭდვის წესი