ახალი ამბები

„ველი, რომ ისევ შევიკრიბებით“ – შესაძლოა, ზარქუა EU-ს მხარდამჭერ აქციებზე მივიდეს

22 ივნისი, 2022 • 818
„ველი, რომ ისევ შევიკრიბებით“ – შესაძლოა, ზარქუა EU-ს მხარდამჭერ აქციებზე მივიდეს

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა არ გამორიცხავს, რომ მომდევნო აქციებს, რომელიც ევროკავშირის მხარდასაჭერად იგეგმება, თავადაც შეურთდეს. ამის შესახებ მან დღეს, 22 ივნისს, ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეროვნული თანხმობა არის საჭირო, რომ ჩვენი ევროპული პერსპექტივა უფრო ცხადი და ხელშესახები გახდეს. რას ველოდები? –  ველოდები იმას, რომ ისევ შეიკრიბებიან, შევიკრიბებით, მათ შორის, ჩვენი მომხრეებიც“, – განაცხადა ზარქუამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა თავად აქციებზე, ზარქუა პასუხობს:

„შეიძლება, მეც ვიყო[…] მშვიდობიანად ჩატარდა აქცია, რაც არის, დიახ, ქართული სახელმწიფოს საკადრისი. მგონია, რომ საქართველო იმსახურებს ევროინტეგრაციას და ამას ჩვენ, თქვენ, ოპოზიციამ ხელი უნდა შევუწყოთ“, – თქვა ირაკლი ზარქუამ.

20 ივნისს თბილისში გაიმართა ევროკავშირის მხარდამჭერი მრავალათასიანი აქცია – „შინ ევროპისკენ“. ნეტგაზეთის გამოთვლით, აქციაზე მინიმუმ 120 ათასი ადამიანი იყო, მაქსიმუმ – 160 000.

აქციამდე მმართველი გუნდის წარმომადგენლები მას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აკავშირებდნენ. თუმცა მას შემდეგ, რაც აქცია ბოლო ათწლეულში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა, ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკა ნაწილობრივ შეიცვალა და აცხადებდნენ, რომ აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები უნდა გაიმიჯნონ, რადგან აქციაში მათი მხარდამჭერებიც მონაწილეობდნენ, ხოლო ორგანიზატორი იყო მათ მიერ ენმ-ის ფრთად მოხსენიებული „სირცხვილია“.

მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით მომდევნო აქცია 24 ივნისსაა დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი