ახალი ამბები

მაგონებდა განწირული გოჭის ჭყვიტინს – სამადაშვილი ღარიბაშვილზე

22 ივნისი, 2022 •
მაგონებდა განწირული გოჭის ჭყვიტინს – სამადაშვილი ღარიბაშვილზე

დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის წინაშე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა „განწირული გოჭის ჭყვიტინს“ აგონებდა.

მის გამოსვლამდე, პარლამენტის ტრიბუნიდან ღარიბაშვილმა თქვა, რომ სალომე სამადაშვილი ბრიუსელში „პირადად დადიოდა და სთხოვდა, რომ არ მისცეთ კანდიდატის სტატუსი. იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს!“.

„აქ ითქვა, რომ მე პრეტენზია, რომ დიპლომატიის მეტრი თუ დედა ვარ – არა, მე არ მაქვს ასეთი პრეტენზია.. თქვენს პრემიერ-მინისტრს ამიტომ გადავუხადე ფეხზე ადგომით მადლობა, იმიტომ, რომ დამაბრალა, რომ ევროკავშირის აზრს მე განვსაზღვრავ, მაგრამ თქვენ ჟესტების კითხვა არ იცით, ისევე როგორც ბევრი რამე.

ახლა რაც შეეხება ადამიანს, რომლის გამოსვლაც დღეს მოვისმინეთ: პრემიერ-მინისტრის გამოსვლა არ ვიცი, მაგრამ დასაკლავად განწირული გოჭის ჭყვიტინს მაგონებდა ამ ადამიანის აქ დღეს საუბარი, იმიტომ, რომ განრისხებულია მისი პატრონი – ბატონი ბიძინა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისი თქმით, მანამ, სანამ ევროკომისია რეკომენდაციას გამოაქვეყნებდა, ღარიბაშვილი ბრიუსელში იყო, სადაც  იმ პრობლემების სია გადასცეს, რომელიც ქვეყანამ უნდა გაჭრას – თუ მას კანდიდატის სტატუსი უნდა. სამადაშვილი აცხადებს, რომ ამის შესახებ კითხვა პირადად დაუსვა ღარიბაშვილს.

„მან განაცხადა, რომ ეს არის სიცრუე და არანაირი სია მისთვის არ მიუციათ. ოღონდ ეს სია გამოაქვეყნა ევროკომისიამ და დაამტკიცებს ხვალ ევროპული საბჭო .. ოღონდ აქ ერთი პრობლემაა: ამ სიაში ბიძინა ივანიშვილის სანქცირება და ის, რომ უნდა დემონტაჟი მოხდეს ოლიგარქიული რეჟიმის – არ იყო ამ სიაში, სანამ ბატონი ღარიბაშვილი არ ჩავიდა ბრიუსელში და რომ დაბრუნდა, როგორც თქვენსავე არჩეულმა პრეზიდენტმა ქალბატონმა ზურაბიშვილმა დაადასტურა – ისეთი მოახერხეთ, რომ ახლა ბატონი ბიძინა არის თქვენზე განრისხებული. ამიტომ ჭყვიტინებთ, ამიტომ დადგით დღეს აქ სპექტაკლი და ამას ყველაფერს გასცემს პასუხს ქართველი ხალხი“, – დასძინა მან.


დღეს, 22 ივნისს, ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წინ ანგარიშით უნდა წარმდგარიყო. თუმცა ამის ნაცვლად ეს დრო გავიდა ძირითადად ოპოზიციასთან პოლემიკაში.

მისი რამდენიმე განცხადება დღევანდელი სხდომიდან იხილეთ აქ:

მასალების გადაბეჭდვის წესი