ახალი ამბები

აჭრილი ხართ მესიჯბოქსში, ჩამოყალიბდით, ვისი აქცია იყო გუშინ – ნაცვლიშვილი “ოცნებას”

21 ივნისი, 2022 • 597
აჭრილი ხართ მესიჯბოქსში, ჩამოყალიბდით, ვისი აქცია იყო გუშინ – ნაცვლიშვილი “ოცნებას”

“ლელოს” წევრი, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი მმართველ პარტიას მიმართავს, “ჩამოყალიბდნენ”, ვისი აქცია იყო გუშინ, “ნაციონალური მოძრაობის” თუ “ქართული ოცნების”. ამის შესახებ ნაცვლიშვილმა დღეს, 21 ივნისს, პარლამენტში ისაუბრა.

მისი თქმით, აქციაზე მისული ხალხი არცერთ პარტიას არ მიეკუთვნებოდა და ისინი ევროინტეგრაციისთვის გაერთიანდნენ.

“ბოლოს და ბოლოს, ჩამოყალიბდეთ იქნებ. გუშინ საქართველოს ათიათასობით მოქალაქემ რომ დაიკავა რუსთაველის გამზირი, თქვენი იყო ეს ხალხი თუ “ნაციონალური მოძრაობის”. ძალიან აჭრილი ხართ მესიჯბოქსში. გუშინ იძახდით, რომ ნაცების აქციააო, მერე ზოგმა ისიც თქვა, რუსების აქციააო და რომ დაინახეთ ათიათასობით გამოსული ადამიანი, აღარ იცით ახლა, რა ქნათ და ჩვენია ეს ხალხი, ჩვენი მხარდამჭერებიც იქ იყვნენო.

არც თქვენია ეს ხალხი და არც რომელიმე სხვა ერთი პარტიის. ეს ხალხია საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს ევროპელი მოქალაქეები, რომლებმაც გუშინ თქვეს, რომ სახელმწიფო ეს არის მოქალაქე და თითოეული მოქალაქე ხდება ამ ქვეყნის ლიდერი და პასუხისმგებლობას იღებს თავის ქვეყანაზე, რომ ის ივლის წინ და ვერავინ შეძლებს მის გადაგდებას ევროპული, მშვიდობიანი და დემოკრატიული გზიდან. აი, ეს გითხრეს გუშინ საქართველოს მოქალაქეებმა და ამ მოქალაქეებს უპირისპირდებით თქვენ, თქვენი საცოდავი და უბადრუკი მესიჯბოქსით დღეს”, – მიმართა ნაცვლიშვილმა “ქართული ოცნების” დეპუტატებს.

გუშინ, 20 ივნისს საქართველოს და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართა ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია “შინ ევროპისკენ”. თბილისში, რუსთაველის გამზირზე “ნეტგაზეთის” მიერ დემონსტრანტების რაოდენობის მიახლოებითი დათვლით, მათი რაოდენობა მინიმუმ 120 ათასი იყო, მაქსიმუმ კი — 160 000.

ამავე თემაზე ნახეთ ვრცლად:

რამდენი ადამიანი იმყოფებოდა აქციაზე “შინ, ევროპისკენ”

მასალების გადაბეჭდვის წესი