“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე 20 ივნისის აქციას აფასებს და ამბობს, რომ თბილისში, პარლამენტთან ხალხი პოლიტიკური პარტიების მობილიზების გარეშე მივიდა. ამის შესახებ მან დღეს, 21 ივნისს, პარლამენტში ისაუბრა.
“კვლავ აბრალებენ “ნაციონალურ მოძრაობას” და გვასახელებენ ორგანიზატორებად. ნეტავ ასე ყოფილიყო, რაც შეიძლება ბევრჯერ გაიმეორეთ. როდესაც რაიონებიდან ჩამოდის ხალხი აქციაზე, 15 ათასი კაციც რომ ჩამოიყვანო, ათასი სამარშრუტო მანქანა მაინც უნდა იდგეს რუსთაველის მიდამოებში. ერთი მანქანა მაინც იდგა? მთელი თბილისი გამოვიდა ქუჩაში. არ დარჩა ოჯახი, საიდანაც ერთი კაცი არ მდგარიყო აქ. მთელმა საქართველომ უნდობლობა გამოუცხადა ამ ხელისუფლებას. ეს იყო გუშინდელი აქციის მთავარი გზავნილი – მორჩა ქართული ოცნების მმართველობა. დაძველდა, ამორტიზებულია. ოლიგარქი სადღაც ბუნკერში იმალება და არაფორმალურად მართავს ქვეყანას და ქვეყანას სჭირდება განახლება, დეოლიგარქიზაცია და ევროპაში წასვლა.
ხელისუფლება, რომელმაც ევროპული მომავალი დაუკარგა ქვეყანას, უნდა წავიდეს. აი, ეს იყო ნათქვამი გუშინ. პარტიების მიერ კი არა, თითოეული ჩვენი მოქალაქის მიერ”, – განაცხადა გოცირიძემ.
მან ხელისუფლება გააკრიტიკა და თქვა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციის შემდეგ მთავრობას შეეძლო “თუნდაც ერთპროცენტიანი შანსის” გამოყენება, თუმცა საბოლოოდ, დადებითი დასკვნის მისაღებად ხელისუფლებას ნაბიჯები არ გადაუდგამს:
“რატომ არ იღებთ დღეს კონსტიტუციას მეორე მოსმენით? ხომ მივიღეთ კონსტიტუცია, ეს ხომ იქნებოდა სიგნალი. აი, დღესვე ვუყაროთ კენჭი, ეს ხომ იქნებოდა შეტყობინება ევროკავშირისადმი, რომ ჩვენ ვუბრუნდებით შარლ მიშელის დოკუმენტს, ვუბრუნდებით ამ შეთანხმებას,
რატომ არ იღებს ეს ბუტაფორია პრეზიდენტი გადაწყვეტილებას პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, თავის ოფისში რომ მოაწყო ჩაის სმა და ეძახის სხვადასხვა ადამიანებს და მართულია ივანიშვილის მიერ. ერთი განცხადება მოგვასმენინეთ ან ერთი ნაბიჯი დაგვანახეთ, არა, არ გინდათ თქვენ იმიტომ, რომ ეს ბიძინა ივანიშვილს არ უნდა”, – მიმართა გოცირიძემ ხელისუფლებას.
გუშინ, 20 ივნისს საქართველოს და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართა ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია “შინ ევროპისკენ”. თბილისში, რუსთაველის გამზირზე “ნეტგაზეთის” მიერ დემონსტრანტების რაოდენობის მიახლოებითი დათვლით, მათი რაოდენობა მინიმუმ 120 ათასი იყო, მაქსიმუმ კი — 160 000.
ამავე თემაზე ნახეთ ვრცლად:








