ახალი ამბები

Pussy Riot-ის წევრი საქართველოში არ შემოუშვეს

21 ივნისი, 2022 • 813
Pussy Riot-ის წევრი საქართველოში არ შემოუშვეს

რუსული ანტისამთავრობო ფემინისტური ჯგუფის, Pussy Riot-ის წევრი, ოლგა ბორისოვა აცხადებს, რომ საქართველოში, სადაც 2022 წლის მარტის შემდეგ ცხოვრობდა, არ შემოუშვეს.

„თბილისის გარდა სახლი არსად მაქვს, იქ მყავს პარტნიორი და მაქვს ბინა, რაშიც ფულს ვიხდი. საქართველოდან უკვე გამაძევეს სტამბულში და, როგორც ჩანს, ახლა ამსტერდამში დამაბრუნებენ“, – დაწერა ბორისოვამ ტვიტერზე 20 ივნისს.

21 ივნისს, დილის 11 საათისთვის კი, დაწერა, რომ სტამბოლის აეროპორტიდან ამსტერდამისკენ რეისზე პასპორტი ჩამოართვეს და განუცხადეს, რომ ამსტერდამის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანენ.

Vice-ის ჟურნალისტის, ალეკ ლუნის თანახმად, ბორისოვა თბილისში ბრუნდებოდა Pussy Riot-ის ევროპული ტურნედან, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად იმართება.

ოლგა ბორისოვა წერს, რომ მისი არშემოშვების საფუძველი არ არსებობს.

ავიაკომპანია „პეგასუსის“ ბლანკში, რომელიც მას სტამბოლის აეროპორტში გადასცეს, ბორისოვას არშეშვების მიზეზად მონიშნულია „საეჭვო პროფილი“ და „სხვა მიზეზი“.

მუსიკოსი ვარაუდობს, რომ სავარაუდოდ, არ შემოუშვეს, რადგან კაცმა, რომელიც 15 წელია დასდევს და თავს არ ანებებს, საქართველოს ძალოვან უწყებებს მისწერა, თითქოს ბორისოვა „აქტიურად მუშაობს საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ და გეგმავს მრავალ ქმედებას და ტერორისტულ თავდასხმას საქართველოს სუვერენიტეტზე“.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კითხვით, რა მიზეზით არ შემოუშვეს ოლგა ბორისოვა. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

რამდენიმე დღის წინ საქართველოში არ შემოუშვეს რუსეთის მოქალაქე, ყაბარდო-ბალყარელი ბლოგერი ინსა ლანდერი, რომლის წინააღმდეგაც რუსეთში სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს, რასაც იგი უსაფუძვლოს უწოდებს.

ბოლო პერიოდში საქართველოში არ შემოუშვეს „მედიაზონას“ ჟურნალისტი და „დოჟდის“ წამყვანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი