ახალი ამბები

„ეს არის წახალისება, ბონუსი“ – ღარიბაშვილი უკრაინისთვის სტატუსის მინიჭებაზე

21 ივნისი, 2022 • 863
„ეს არის წახალისება, ბონუსი“ – ღარიბაშვილი უკრაინისთვის სტატუსის მინიჭებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას აცხადებს, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია უკრაინისთვის სტატუსის მინიჭებაზე ქვეყნის წახალისება და ბონუსია, რადგან ომში იმყოფება. რაც შეეხება მოლდოვას, ღარიბაშვილი ამბობს, რომ მოლდოვა უკრაინის ახლო მეზობელია და აცხადებს, რომ განხილვა დამსახურების მიხედვით თუ მოხდებოდა, ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსი, პირველ რიგში, საქართველოს უნდა მიეღო:

„უსამართლოა, მაგრამ გვესმის და ევროპელი ლიდერებისგან გავიგეთ, რომ მათ გადაწყვიტეს მიენიჭებინათ სტატუსი უკრაინისთვის იმიტომ, რომ უკრაინა არის ომში. მოლდოვა ძალიან მჭიდრო მეზობელი ქვეყანაა და ისიც ძალიან ცუდ სიტუაციაშია, ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხები ზედაპირზე აქვს. თუ შევადარებთ საქართველოს მუშაობას, რეფორმებს, დამსახურების მიხედვით თუ შევხედავთ, საქართველო იქნებოდა პირველი ქვეყანა, ვისაც მიენიჭებოდა ეს სტატუსი.

იმიტომ, რომ ძალიან კონკრეტული შედეგები გვაქვს, მაგრამ სამივე ერი არის ევროპული პერსპექტივის მქონე, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ევროკავშირის იმიტომ, რომ ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და, ბუნებრივია, მას მოჰყვება სტატუსი გარკვეული პირობებით, მაგრამ პირობები სამივე სახელმწიფოს განესაზღვრა.

როგორც ვთქვი, გავიგეთ ოფიციალური პოზიცია ევროპელი ლიდერების. პრეზიდენტმა მაკრონმა რამდენიმე დღის წინ თქვა, ევროკავშირმა გადაწყვიტა მიენიჭებინა უკრაინისთვის ეს სტატუსი იმიტომ, რომ ომშიაო. ეს არის წახალისება, ბონუსი უკრაინისთვის“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი (თარგმანი ტელეკომპანია „იმედი“).


17 ივნისს ევროკომისიამ მხარი დაუჭირა მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, თუმცა – პირობებით. რაც შეეხება საქართველოს – კანდიდატის სტატუსი ჯერ არ იქნება, თუმცა იქნება პირობები, რომელთა წარმატებით შესრულების შემდეგაც, ევროკომისია მოუბრუნდება საქართველოს საკითხს.

სამივე ქვეყნის პროგრესს ევროკომისია 2022 წლის ბოლოს შეაფასებს. სამ ქვეყანას შორის ყველაზე მეტი მოთხოვნას ევროკომისია საქართველოს უწესებს.

რას ნიშნავს და რა განსხვავებაა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის სტატუსებს შორის | ამხსნელი

მასალების გადაბეჭდვის წესი