ახალი ამბები

ლანა ღოღობერიძის თქმით, დღევანდელი მომენტი 9 აპრილს უტოლდება

20 ივნისი, 2022 • 812
ლანა ღოღობერიძის თქმით, დღევანდელი მომენტი 9 აპრილს უტოლდება

რეჟისორი ლანა ღოღობერიძე აცხადებს, რომ დღეს ყველა ადამიანმა უნდა დაამტკიცოს, რომ ისეთი დიადი მიზნის გარშემო გაერთიანება, როგორიც ევროკავშირში გაწევრიანებაა, შესაძლებელია. ამის შესახებ მან „ტვ პირველთან“ ისაუბრა.

მისი თქმით, დღევანდელი მომენტი 9 აპრილს უტოლდება.

„ყველანაირმა ადამიანმა უნდა დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია ერთად დგომა, შეგვიძლია ერთი დიადი მიზნის გარშემო გაერთიანება… დიდ ევროპულ ოჯახში გაერთიანება ნიშნავს ჩვენი ისტორიულად დეტერმინირებული [განსაზღვრული] ტრაგიკული მარტოობის დაძლევას. ჩვენ ვიყავით პატარა უნათესაო, ობოლი ერი და ეს ნიშნავს, რომ გაგვიჩნდება მეგობრები. მეგობრები, რომლებიც მართლა კეთილგანწყობილი არიან ჩვენ მიმართ, რომლებიც უპირველესად იმაში დაგვეხმარებიან, რომ ყოველ წუთს თავდასხმას არ ველოდოთ. ეს თავდასხმა შეიძლება იყოს პირდაპირი ან შენიღბული. შენიღბული თავდასხმა ხანდახან უფრო საშიშია, იმიტომ, რომ ნიშნავს იდენტობის, თვითმყოფადობის, კულტურული დამოუკიდებლობის დაკარგავს. ეს საშინელი პროცესია[…]

9 აპრილი რომ გავიხსენოთ, ეს იყო მართლა თან ტრაგიკული და ამავე დროს წმინდათა წმინდა მომენტი, როდესაც მართლა ყველა ერთად ვიყავით. ჩემთვის [დღევანდელი მომენტი 9 აპრილს] უტოლდება“, – განაცხადა ლანა ღოღობერიძემ.


დღეს, 20 ივნისს, 20:00 საათზე, თბილისში აქცია – „შინ ევროპისკენ“ – გაიმართება. აქციის ორგანიზატორია მოძრაობა „სირცხვილია“. მას ასევე უერთდება კამპანია „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“ შემავალი არასამთავრობო, სამოქალაქო და მედიაორგანიზაცები. ასევე,  საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, კომპანიები. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, დღევანდელ ღონისძიებაზე ტრიბუნა არ დაეთმობათ პოლიტიკოსებს:

“ევროპა ქართველების ისტორიული არჩევანი და მისწრაფებაა, რომლისთვისაც ყველა თაობამ მსხვერპლი გაიღო. ამ ჩვენი ისტორიული მისწრაფების ხელშესახები აქტი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაა. ჩვენ, ქართველებმა, იმდროინდელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული დოკუმენტი შევქმენით და ევროპასთან ღირებულებითი კავშირის დეკლარირება შევძელით.

გაივლის 1 საუკუნე და რუსეთის ფედერაცია უკრაინის დასავლურ არჩევანს ახალი სამხედრო აგრესიით დაუპირისპირდება. უკრაინელი ხალხის გმირობისა და თავგანწირვის ფონზე კი უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის უპრეცედენტო შანსი ჩნდება – გავხდეთ ევროკავშირის ნაწილი და დავბრუნდეთ იქ, სადაც ჩვენი ფესვები და მისწრაფებებია”, – ნათქვამია “სირცხვილიას” განცხადებაში“.

მასალების გადაბეჭდვის წესი