ახალი ამბები

“შინ ევროპისკენ” – ცოცხალი ჯაჭვი ქუთაისში

20 ივნისი, 2022 • 825
“შინ ევროპისკენ” – ცოცხალი ჯაჭვი ქუთაისში

ქუთაისში, ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქციის “შინ ევროპისკენ” ფარგლებში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ცოცხალი ჯაჭვი გაკეთდა. მოქალაქეები ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით შეიკრიბნენ.

“20 ივნისს, “გავრილოვის ღამეს”, სახელმწიფო დაუპირისპირდა მოსახლეობას ძალადობრივი გზებით, რის მიმართაც წინააღმდეგობა დღემდე აუცილებლობას წარმოადგენს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველოს ევროპული მომავალიც ამას ითხოვს ქართველი ხალხისგან.

ეროვნული ინტერესების დასაცავად საქართველოს, ევროკავშირისა და ყველა პარტნიორის სიმბოლიკებით გავერთიანდეთ ცოცხალი ჯაჭვით”, – ნათქვამია ცოცხალი ჯაჭვის ორგანიზატორების განცხადებაში.

დღეს, 20 ივნისს, 20 საათზე სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” ორგანიზებით აქცია იმართება თბილისშიც. აქცია საქართველოს პარლამენტთან დაიწყება და ევროპის მოდენისკენ მსვლელობით გადაინაცვლებს.

“ევროპა ქართველების ისტორიული არჩევანი და მისწრაფებაა, რომლისთვისაც ყველა თაობამ მსხვერპლი გაიღო. ამ ჩვენი ისტორიული მისწრაფების ხელშესახები აქტი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაა. ჩვენ, ქართველებმა, იმდროინდელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული დოკუმენტი შევქმენით და ევროპასთან ღირებულებითი კავშირის დეკლარირება შევძელით.

გაივლის 1 საუკუნე და რუსეთის ფედერაცია უკრაინის დასავლურ არჩევანს ახალი სამხედრო აგრესიით დაუპირისპირდება. უკრაინელი ხალხის გმირობისა და თავგანწირვის ფონზე კი უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის უპრეცედენტო შანსი ჩნდება – გავხდეთ ევროკავშირის ნაწილი და დავბრუნდეთ იქ, სადაც ჩვენი ფესვები და მისწრაფებებია”, – ნათქვამია “სირცხვილიას” განცხადებაში.

გარეკანის ფოტო: ელენე ხაჭაპურიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი