ახალი ამბები

ვმუშაობთ საქართველოსთან ერთად, რათა სანქციებს თავი ვერავინ აარიდოს — დონფრიდი

17 ივნისი, 2022 • 1936
ვმუშაობთ საქართველოსთან ერთად, რათა სანქციებს თავი ვერავინ აარიდოს — დონფრიდი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდი „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ეფექტიანად მუშაობს, ხოლო აშშ მუშაობს საქართველოსთან ერთად, რათა სანქციებისგან თავის არიდება არ მოხდეს.

„უპირველეს ყოვლისა ვიტყვი, რომ ვაფასებთ ეროვნული ბანკის მიერ რუსეთისთვის დაწესებული ყველა სანქციის დაცვას. ყურადღებით ვაკვირდებით, არსებობენ თუ არა კომპანიები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს გავლით სანქციებს თავი აარიდონ. და გავაგრძელებთ ამ საკითხის ყურადღებით მონიტორინგს“, – განუცხადა კარენ დონფრიდმა „ნეტგაზეთს“ კითხვაზე, ხედავს თუ არა აშშ, უკრაინის მთავრობის მსგავსად, რისკს, რომ საქართველოს გამოიყენებენ სანქციებისგან გვერდის ავლისათვის.

„ასევე გვესმის, რომ ამ მომენტში საქართველო კონკრეტულ საკითხებში მოწყვლადია. ჯერ არც კი გვისაუბრია რუსეთის შემოჭრაზე 2008 წელს. იქიდან მოყოლებული, საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია. 2008, 2014 და 2022 წლების გამოცდილებამ შეერთებულ შტატებს მკაფიოდ უჩვენა, როგორია რუსეთის სტრატეგია. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის უკრაინაში უსაფუძვლო შეჭრის წინააღმდეგ ერთად ვდგავართ.

გავიხსენებდი, რომ პრეზიდენტი ბაიდენი პრეზიდენტად არჩევისას საუბრობდა ამერიკის ალიანსებისა და პარტნიორობებისთვის აღორძინებაზე. ამ ადმინისტრაციას ღრმად სწამს, რომ აშშ უფრო ძლიერია, როცა გამოწვევებს მოკავშირეებთან ერთად ხვდება. ვფიქრობ, ეს ნახეთ [შეჭრაზე] რეაგირებისას, მათ შორის სანქციების პაკეტის [კუთხით]“, – განაცხადა მან.

„ნეტგაზეთმა“ კარენ დონფრიდს ასევე დაუსვა დამაზუსტებელი კითხვა, შეუძლია თუ არა, გაგვიზიაროს, თუკი დაფიქსირდა სანქციებისგან გვერდის ავლის კონკრეტული მაგალითები, თუმცა, მისი თქმით, იგი პირადად არ ზედამხედველობს ამ საკითხს და ამ თემაზე აშშ-ის სახაზინო და სახელმწიფო დეპარტამენტი და შესაბამისი ექსპერტები მუშაობენ.

კარენ დონფრიდის თქმითვე, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის შეფასებით, სანქციებს სერიოზული გავლენა აქვს რუსეთის ეკონომიკაზე.

ნახეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი