კომენტარი

ეს არის ცხადი საგზაო რუკა, დააჩქარეთ რეფორმები — კარენ დონფრიდი

17 ივნისი, 2022 • 1461
ეს არის ცხადი საგზაო რუკა, დააჩქარეთ რეფორმები — კარენ დონფრიდი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდი „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა გული არ უნდა გაიტეხონ ევროკომისიის დღევანდელი გადაწყვეტილების გამო, რადგან ის ადასტურებს, რომ საქარველო არის ევროკავშირის ოჯახის წევრი, თუმცა საამისოდ ქვეყანამ მნიშვნელოვანი ძალისხმევა უნდა გასწიოს.

„ჩემი დღევანდელი ვიზიტი თბილისში უფრო ემოციური გახდა ევროკომისიის მიღებული გადაწყვეტილების გამო. ყველა ქართველი, ვისაც დღეს ველაპარაკე, ახსენებდა ევროკომისიის გადაწყვეტილებას მანამდეც კი, სანამ გამოცხადდებოდა. ვფიქრობ, ძალიან დიდი მოლოდინი იყო, სანამ გადაწყვეტილება გამოცხადდებოდა და მას შემდეგაც, რაც გადაწყვეტილება გამოცხადდა.

მე ყველა ჩემს თანამოსაუბრეს შევატყვე მწუხარება ამ გადაწყვეტილების გამო. ჩემთვის გამაოგნებელია ფაქტი, რომ ქვეყნის 80%-ზე მეტი, – 80-85% ქართველებისა, – მხარს უჭერს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას. ეს ფენომენალური სტატისტიკაა.

მათ გამიზიარეს თავიანთი აზრები,  ჩვენ იმედი გვქონდა, რომ იმავე კატეგორიაში ვიქნებოდით, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭებოდაო. და მე მესმის ეს მწუხარება.

თუმცა, როდესაც გავიგე ევროკომისიის განცხადება, ჩემთვის ეს შემდეგნაირად ჟღერდა: საქართველო არის ევროკავშირის ოჯახის წევრი; ევროკომისიამ მისცა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და არა მხოლოდ მიანიჭა ეს სტატუსი, არამედ ძალიან ცხადად [ჩამოაყალიბა] პრიორიტეტები, რაც, მათი ხედვით, საქართველოს სჭირდება პროგრესის მისაღწევად, რათა მან მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი. ასე რომ, ვფიქრობ, საქართველოს ახლა აქვს ძალიან ცხადი საგზაო რუკა იმ რეფორმების შესახებ, რომელზეც უკვე მუშაობს.

ასე რომ, მესიჯი საქართველოსთვის არის შემდეგი: დააჩქარეთ პროგრესი ამ რეფორმების გზაზე და თქვენ მიაღწევთ კანდიდატის სტატუსს.

ასე რომ, მართლაც ვფიქრობ, იმან, რაც ჩვენ დღეს ვნახეთ, დაადასტურა საქართველოს მიახლოება ევროკავშირის წევრობის მიზანთან. როგორც იცით, შეერთებული შტატები წლებია, არის მოწინავე მხარდამჭერი საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა.

მე მჯერა, რომ საქათველო იქნება ევროკავშირის წევრი, იქნება ნატოს წევრი. საქართველოს ადგილი აქ არის. მაგრამ ამისათვის საქართველომ ბეჯითად უნდა იშრომოს, და მას უკვე აქვს ბეჯითად ნამუშევარი ამ გზაზე. მაგრამ ქართველებმა გული არ უნდა გაიტეხონ, პირიქით, უნდა თქვან, „კარგით, ჩვენ ახლა მზად ვართ, წინ წავიწიოთ ამ რეფორმებში, რადგან ამას არა მხოლოდ მივყავართ ევროკავშირში, არამედ ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ექნება უფრო ძლიერი, მდგრადი დემოკრატია“. ეს საქართველოს აქცევს ევროკავშირისა და ნატოს უფრო ძლიერ წევრად და შეერთებული შტატების უკეთეს პარტნიორად, საბოლოოდ კი, მოკავშირედ“, – განუცხადა კარენ დონფრიდმა „ნეტგაზეთს“.

17 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია რეკომენდაციას უწევს საქართველოს, მიიღოს ევროპული პერსპექტივა გარკვეული პირობების სანაცვლოდ, განსხვავებით უკრაინისა და მოლდოვისგან, რომლის კანდიდატობასაც დაუჭირა მხარი.

ევროკომისიის რეკომენდაციის გამოქვეყნების შემდეგ ქვეყნებისთვის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო მიიღებს, რომელიც 23-24 ივნისს შეიკრიბება.

ვრცლად ამ საკითხზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი